ეკა ბესელია - ახალ სახეებს ფრთხილად მოვეკიდოთ, ახალი სახეები მივიღეთ 2016 წელს და „ქართული ოცნება“ დაანგრიეს
ეკა ბესელია - ახალ სახეებს ფრთხილად მოვეკიდოთ, ახალი სახეები მივიღეთ 2016 წელს და „ქართული ოცნება“ დაანგრიეს

ახალ სახეებს ცოტა ფრთხილად მოვეკიდოთ, თორემ ახალი სახეები მივიღეთ 2016 წელს და „ქართული ოცნება“ დაანგრიეს, ეს რყევა შიგნიდან დაიწყეს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ეკა ბესელიამ ჟურნალისტებს მმართველი პარტიაში ახალი სახეების შესახებ დასმულ კითხვაზე განუცხადა.

„სიახლე კარგია, მაგრამ ამ სიახლეს შინაარსი სჭირდება და არა მხოლოდ ფასადის შექმნა. ყურადღება შინაარსს უნდა მივაქციოთ, თორემ ამ ახალი სახეებით კი ვნახეთ, რა სურათიც მივიღეთ“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

კითხვაზე, რატომ ეძებს ახალ სახეებს ბიძინა ივანიშვილი, ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ 2016 წელს შერჩეულმა ახალმა სახეებმა ვერ გაამართლა და მათი დიდი ნაწილი მომავალ არჩევნებზე სიაში არ იქნება.

„იმ ე.წ. ახალმა სახეებმა ვერ გაამართლა, რომლითაც 2016 წლის პარლამენტის განახლება მოხდა. როგორც ჩანს, მმართველი პარტია ასე უყურებს, რომ ეს წარმატებული ექსპერიმენტები არ იყო მთელ რიგ შემთხვევაში. 2020 წლისთვის ამ ადამიანებიდან ძალიან ბევრს საარჩევნო სიაში ვერ ნახავთ. წინასწარმეტყველება არ მიყვარს ხოლმე, მაგრამ შეგიძლიათ ჩემი პროგნოზი 2020 წლისთვის გადაამოწმეთ. ზუსტად დაემთხვევა“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

დამოუკიდებელი დეპუტატი ასევე ვარაუდობს, რომ 2020 წლის მოწვევის პარლამენტის შემადგენლობაში ირაკლი კობახიძე აღარ იქნება.

„ვეყრდნობი გამოცდილებას, ინტუიციასა და ინფორმაციას. ვიცი, შიდა სიტუაცია, განწყობები, პოლიტიკური ლოგიკა და დამოკიდებულებები, როგორია ხედვა შემდეგი საპარლამენტო არჩევნებისთვის. ვინც პარლამენტშია, მათი დიდი ნაწილი 2020 წლის საპარლამენტო სიაში არ იქნება. გადაამოწმეთ, ჩემი პროგნოზი დაემთხვევა თუ არა რეალობას“, – განაცხადა ბესელიამ.

კითხვაზე, მაშინ რატომ აირჩია ბიძინა ივანიშვილმა ახლები, ბესელია პასუხობს –  “აირჩია, კი? დღევანდელი დღით ნუ გადავწყვეტთ პოლიტიკური პროცესების მომავალს. არ მგონია, რომ ეს მისი არჩევანია. თუ ვინმე ასე ფიქრობს, ცდება. ბევრი რამ შეიცვლება და გადაფასდება. იმ ადამიანებს, რომლებმაც შიგნიდან დაიწყეს ნგრევა,  გადაწყვიტეს, რომ თავიანთი და პირადი ინტერესები პარლამენტში საკუთარი შესაძლებლობებისთვის მოერგოთ, თავისი ადგილი ექნებათ. ჩემი კონფლიქტი არ არის უმრავლესობასთან,  ჩემი კონფლიქტია “ქართულ ოცნებაში” მოსულ “ნაციონალური მოძრაობის” ნარჩენებთან. ვინც თავს ასეთად მიიჩნევს, მან მიპაუხოს, ვინც არა, დამშვიდდეს და ჩემთან ოპონირებით ნუ დაიღლება. “