ეკა ბესელია - ადამიანის უფლებების შეზღუდვა რომ იწყება, ეს მთავრობამ პარლამენტის გვერდის ავლით არ უნდა გააკეთოს
ეკა ბესელია - ადამიანის უფლებების შეზღუდვა რომ იწყება, ეს მთავრობამ პარლამენტის გვერდის ავლით არ უნდა გააკეთოს

ცუდად გამოიყურება შეზღუდვების კანონი, რომელიც პირველ იანვრამდე გაგრძელდა, – ამის შესახებ პარტია „სამართლიანობისთვის“ თავმჯდომარემ, პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ეკა ბესელიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „კვირის ინტერვიუ“ სტუმრობისას განაცხადა.

„აქ ერთჯერად შეზღუდვაზე ხომ არ არის საუბარი?! ერთჯერადი შეზღუდვა მთავრობას ისედაც ყოველთვის შეუძლია, საგანგებო მდგომარეობის გარეშეც. აქ საუბარია იმაზე, რომ მასიურად ადამიანის უფლებების შეზღუდვა რომ იწყება, ეს მთავრობამ პარლამენტის გვერდის ავლით არ უნდა გააკეთოს“, – განაცხადა ბესელიამ.

მისი თქმით, მთავრობამ სიმარტივე მოითხოვა. 

„მთავრობას პარლამენტის პროცედურაც არ უნდა. მოდი, ეს გამიკეთეთ, არის ძალიან სახიფათო. როდესაც ქვეყანა დემოკრატიის გზაზე დგას, ასეთი ნაბიჯები ძალიან ცუდია“, – განაცხადა ბესელიამ.

როგორც პარტია „სამართლიანობისთვის“ თავმჯდომარემ აღნიშნა, არ შეიძლება, ვინც აღასრულებს, ის თავად იღებდეს კანონებს.

„ამ დროს მთავრობა ხდება კანონების მიმღები, იმ განკარგულებებით. პარლამენტი მთლიანად იხსნის ამ ვალდებულებას და აძლევს მთავრობას. არ შეიძლება, საპარლამენტო ქვეყანაში ასე ხდებოდეს“, – განაცხადა ბესელიამ.

ამ განცხადებით ეკა ბესელიამ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, არის თუ არა „საზოგადოებრივი ჯანდაცვის კანონთან“ დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება იმის სურვილი, რომ ერთ ადგილას მიღებული გადაწყვეტილებები ბოლომდე ფილტრის გარეშე გატარდეს და არღვევს თუ არა ეს დემოკრატიულ ბალანსს.

ეკა ბესელიამ ასევე განაცხადა, რომ არის ასევე ძალიან სახიფათო გადაწყვეტილება, დისტანციური სასამართლო პროცესები, რაც კატასტროფაა.