ეკა ბესელია აცხადებს, რომ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაზე ოთხი საკითხის დაყენებას აპირებს 
ეკა ბესელია აცხადებს, რომ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაზე ოთხი საკითხის დაყენებას აპირებს 

დეპუტატი ეკა ბესელია აცხადებს, რომ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაზე ოთხი საკითხის დაყენებას აპირებს.

როგორც ეკა ბესელიამ აღნიშნა, ერთ-ერთი საკითხი, რომელსაც სხდომაზე დააყენებს, მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის შეჩერებას შეეხება.

„მაქვს ოთხი ძირითადი საკითხი, რაც მინდა, რომ დღეს დავაყენო და გადაწყვეტილებები უნდა შევაჯეროთ. პირველი, ეს არის სამუშაო ჯგუფის ფორმატის ცვლილება. მნიშვნელოვნად მიმაჩნია, რომ კრიტერიუმებსა და პროცედურებზე კანონმდებლებმა იმსჯელონ პარლამენტში. არ უნდა მოხდეს ამ პროექტის დაწერა იმ მოსამართლეების მონაწილეობით, რომელთაც ინტერესთა კონფლიქტი აქვთ და თავად სურთ, გახდნენ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები. მეორე საკითხია მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის შეჩერება და ამ ცვლილების მხარდაჭერა, ცვლილებები უკვე მომზადებული მაქვს. მესამეა  თავად კრიტერიუმები და პროცედურა, რომელიც უნდა მივიღოთ კანონში, როგორც ახალი მექანიზმი, რათა მოსამართლეთა შერჩევის ჯანსაღი პროცესი გაიმართოს და უზენაეს სასამართლოში ავირჩიოთ საუკეთესო მოსამართლეები“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

მისივე თქმით, ერთ-ერთი თემა, რაზეც უმრავლესობის სხდომაზე მსჯელობას აპირებს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის საკითხს შეეხება.

„იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე შემადგენელი საკითხია მთელი ამ პროცესის. დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ ახალი თავმჯდომარე იმ ფასეულობებისა და ღირებულებების დამცველი იყოს, რომლებსაც ჩვენ პრინციპულად ვიცავთ“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.