ეკა ბესელია აცხადებს, რომ ადგილობრივი ხელისუფლების სხვადასხვა თანამდებობის პირები წინასაარჩევნო კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში მონაწილეობენ
ეკა ბესელია აცხადებს, რომ ადგილობრივი ხელისუფლების სხვადასხვა თანამდებობის პირები წინასაარჩევნო კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში მონაწილეობენ

დამოუკიდებელი დეპუტატი, პარტია „სამართლიანობისთვის“ თავმჯდომარე ეკა ბესელია აცხადებს, რომ ადგილობრივი ხელისუფლების სხვადასხვა თანამდებობაზე მყოფი პირები წინასაარჩევნო კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში არიან ჩართული.

დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ეკა ბესელიამ საარჩევნო კამპანიის დროს გამოვლენილ დარღვევებზე ისაუბრა.

ბესელიას თქმით, საპარლამენტო არჩევნები ქვეყნისთვის ბევრ რამეს შეცვლის და დიდი მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ არჩევნების დღეს, არამედ იმას, თუ როგორ მივლენ პარტიები 31 ოქტომბრამდე.

„არ მივეკუთვნები იმ ადამიანებს, ვინც აკეთებს განცხადებებს ისე, რომ არ ჰქონდეს რამე კონკრეტული ფაქტები და გარემოებები. ამიტომ, დღეს მინდა, გავაკეთო რამდენიმე გაფრთხილება იმ ადამიანების მისამართით, ვინც წარმოადგენენ დღეს ადგილობრივ ხელისუფლებას თვითმმართველობის დონეზე, სხვადასხვა თანამდებობაზე მყოფ პირებს, რომლებიც ან შეთანხმებით ან ზედმეტად თავის გამოჩენის მიზნით, საკუთარი ინიციატივით სრულიად კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში არიან ჩართული. ეს ეხება სხვადასხვა მეთოდით ამომრჩევლის ნებაზე ზეგავლენის მოხდენას, შეშინებას და მათ მიმართ სხვადასხვა ტიპის მუქარას. ასევე, ძალიან უხეში ფორმით მათთვის სოციალურ დახმარებებზე შეხსენებას, რომ მათი სოციალური დახმარებები აღარ იქნება, თუ ისინი გააგრძელებენ ჩვენი პარტიისა და კანდიდატების ღიად მხარდაჭერას.

ეს ეხება ადამიანებს, რომლებსაც უნდათ შეხვედრაზე მოსვლა და ვერ მოდიან, ეუბნებიან, რომ თუ თქვენ საჯაროდ გამოჩნდებით და გაქვთ რამე სამსახური, ამ სამსახურებს დაკარგავთ. ნებისმიერი ასეთი მოქმედება, რომელიც ამომრჩევლის ნებაზე, მისი აზრის გამოხატვის თავისუფლებაზე ზეგავლენას ახდენს, არის სისხლის სამართლის დანაშაული. მინდა, ყველა იმ საჯარო მოხელეს, რომელიც ვერ აცნობიერებს ან აცნობიერებს და დანაშაულს მაინც სჩადის, ვუთხრა, რომ ჩვენ ამ ყველაფერს აღვრიცხავთ, რეაგირებისთვის შესაბამის უწყებებსაც გავუზავნით და მერე მოვთხოვთ პასუხს, მოხდა თუ არა რეაგირება, არც ერთი ასეთი ფაქტი რეაგირების გარეშე არ დარჩება“, – განაცხადა ბესელიამ.