ეკა ბესელია - 20-21 ივნისის მოვლენებისას მეცნო რამდენიმე კადრი, რომელსაც ადგილი ჰქონდა წინა ხელისუფლების დროს, როდესაც ჩვენ ვიყავით აქციის მონაწილეები
ეკა ბესელია - 20-21 ივნისის მოვლენებისას მეცნო რამდენიმე კადრი, რომელსაც ადგილი ჰქონდა წინა ხელისუფლების დროს, როდესაც ჩვენ ვიყავით აქციის მონაწილეები

20-21 ივნისის მოვლენებისას აშკარად იყო გამოყენებული არაპროპორციული ძალა და მეცნო რამდენიმე კადრი, რომელიც ხშირად მინახავს იმ დარბევებისა და უკანონო თავდასხმებისას, რომელსაც ადგილი ჰქონდა წინა ხელისუფლების დროს, როდესაც ჩვენ ვიყავით აქციის მონაწილეები, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ პარლამენტში განაცხადა, სადაც მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხზე მსჯელობენ.

სხდომაზე დეპუტატი ეკა ბესელია დაინტერესდა, რატომ ვერ მოხერხდა ორი სამართალდამცველის გარდა, იმ პოლიციელების იდენტიფიცირება, რომლებმაც უფლებამოსილებას გადაამეტეს და გამოიყენეს არაპროპორციული ძალა.

„მინდა, გკითხოთ 20-21 ივნისს ამ პარლამენტში განვითარებულ მოვლენებზე. არაერთხელ გამომითქვამს ჩემი აზრი, არ მიჭირს იმის თქმა, რომ იმ ტრაგიკული და ანტისახელმწიფოებრივი შეცდომის გამო, რაც პარლამენტში მოხდა  და პარლამენტმა დაუშვა ის შეცდომა, როდესაც საზოგადოებამ ამ დარბაზში იხილა ის ცნობილი მოვლენა. ამის შემდგომ იყო უკანონო ქმედებები ცალკეული პირების მხრიდან პოლიციელების მიმართ და პირველ ნაწილში ჩვენ ვნახეთ ეს უკანონო, პარლამენტში შემოჭრის ფაქტები. მაგრამ მეორე ნაწილში, სადაც აშკარად იყო არაპროპორციული ძალა გამოყენებული და ცალკეულ კადრებს როდესაც ვუყურებთ, მე მათ შორის მეცნო რამდენიმე კადრი, რომელიც ხშირად მინახავს იმ დარბევებისა და უკანონო თავდასხმებისას, რომელსაც ადგილი ჰქონდა წინა ხელისუფლების დროს, როდესაც ჩვენ ვიყავით აქციის მონაწილეები. ჩემი კითხვა სწორედ ამ ნაწილშია. თუ არ ვცდები მხოლოდ ორი პირია იდენტიფიცირებული, რატომ ვერ მოხერხდა იმ სამართალდამცველების იდენტიფიცირება, ვინც გადაამეტა უფლებამოსილებას და არაპროპორციული ძალა გამოიყენა, სხვების იდენტიფიცირება რატომ ვერ მოხერხდა აქამდე? რატომ ვერ მოხერხდა ის, რომ ინტერესთა კონფლიქტის განცდა რომ არ გაჩენილიყო უწყებრივ დონეზე, შინაგან საქმეთა სამინისტრო საერთოდ არ ყოფილიყო გამოძიების პროცესში ჩართული და გამოძიება სრულად წარემართა პროკურატურას? ახალი კანონით, რომელიც სამწუხაროდ გადავადდა, დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური უნდა იძიებდეს ამ საკითხებს“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

დატოვე კომენტარი