ეიფელის კოშკის თანამშრომლები გაიფიცნენ
ეიფელის კოშკის თანამშრომლები გაიფიცნენ

პარიზში ეიფელის კოშკის თანამშრომლები გაიფიცნენ. როგორც „ფრანს პრესი“ წერს, თანამშრომლებმა გაფიცვის თარიღად 27 დეკემბერი საგანგებოდ აირჩიეს, რადგან 100 წლის წინ სწორედ ამ დღეს გარდაიცვალა კოშკის შემქმნელი გუსტავ ეიფელი.

მემარცხენე პროფკავშირების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ გაფიცვის მონაწილეები ეიფელის კოშკის მართვის მოქმედ მეთოდებს აპროტესტებენ. მათი თქმით, ეიფელის კოშკს დღეს ბიზნეს მოდელით მართავენ, რომელიც ზედმეტად ამბიციური და არასიცოცხლისუნარიანია.

ამასთან, მათივე მტკიცებით, ეს მოდელი დაფუძნებულია მომავალი დამთვალიერებლების არასწორად გათვლილ რაოდენობასა და ხარჯების არასწორ გათვლაზე.

მემარცხენე პროფკავშირების წარმომადგენლების განცხადებით, ეიფელის კოშკის მომავალი წლის ბიუჯეტში ნათქვამია, რომ 2024 წელს პარიზის მთავარ ტურისტულ ღირსშესანიშნაობას 7,4 მილიონი ვიზიტორი ეწვევა, რაც, პროფკავშირების თქმით, ვერ შესრულდება.

2022 წელს ეიფელის კოშკს 5,9 მილიონი ტურისტი ეწვია.