„ეიბისი ნიუსი“ ისრაელის წარმომადგენლებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ირანის ურანის გამდიდრების სადგურ ფორდოზე აშშ-ის დარტყმების შედეგები „ნამდვილად არ არის კარგი“
„ეიბისი ნიუსი“ ისრაელის წარმომადგენლებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ირანის ურანის გამდიდრების სადგურ ფორდოზე აშშ-ის დარტყმების შედეგები „ნამდვილად არ არის კარგი“

ირანის ურანის გამდიდრების სადგურ ფორდოზე აშშ-ის დარტყმების შედეგები „ნამდვილად არ არის კარგი“, – ამის შესახებ ინფორმაციას „ეიბისი ნიუსი“ ისრაელის წარმომადგენლებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ორმა წყარომ განაცხადა, რომ მათ არ იციან, რამდენი გამდიდრებული ურანი შეიძლებოდა გატანილიყო ობიექტებიდან ისრაელისა და ამერიკის შეერთებული შტატების დარტყმებამდე ან რამდენი ცენტრიფუგა დარჩა, რომლის ექსპლუატაციაში გაშვებაც შესაძლებელია ქვეყანაში.

ისრაელის კიდევ ერთმა წყარომ გადამწყვეტი შეფასებებისგან თავი შეიკავა.

„ყველაზე გულწრფელები ისინი არიან, ვინც ამბობენ, რომ ჯერ არ იციან. ყველა, ვინც ამბობს, რომ ეს წარუმატებელი იყო, არასწორი მიმართულებით მიდის; ყველა, ვინც ამბობს, რომ ის 100%-ით განადგურდა, ასევე არასწორი მიმართულებით მიდის“, – განაცხადა წყარომ.

„ეიბისი ნიუსი“ ასევე წერს, რომ ისრაელის კიდევ ერთმა წყარომ, რომელიც იცნობს ისრაელის დაზვერვის მონაცემებს, უფრო დამაჯერებლად შეაფასა სიტუაცია და „ეიბისი ნიუსს“ განუცხადა, რომ ფორდოზე თავდასხმამ „საჭირო სამუშაო შეასრულა, ობიექტი კი შეუქცევადად დაზიანდა“. მათი თქმით, შეფასება ირანში არსებულ „შესანიშნავ“ სადაზვერვო წყაროებს ეფუძნება, რაც მოიცავს „ჯაშუშებისგან მიღებულ ინფორმაციას, თავად ირანელი ლიდერების ნათქვამის მოსმენას და კიბერჯაშუშობის შესაძლებლობებს“.