ეგზიტპოლის მონაცემებით, ყაზახეთის საპრეზიდენტო არჩევნებში კასიმ-ჟომარტ ტოკაევი ლიდერობს
ეგზიტპოლის მონაცემებით, ყაზახეთის საპრეზიდენტო არჩევნებში კასიმ-ჟომარტ ტოკაევი ლიდერობს

ეგზიტპოლის მონაცემებით, ყაზახეთის საპრეზიდენტო არჩევნებში კასიმ-ჟომარტ ტოკაევი ხმების 70,13%-ით ლიდერობს. ასეთ მონაცემებს აქვეყნებს ორგანიზაცია „საზოგადოებრივი აზრი”.

ყაზახეთის სენატის ყოფილი სპიკერი კასიმ-ჟომარტ ტოკაევი თავის მემკვიდრედ რესპუბლიკის პირველმა პრეზიდენტმა, ნურსულთან ნაზარბაევმა 2019 წლის მარტში დაასახელა.

ყაზახეთის პრეზიდენტის თანამდებობაზე სულ შვიდი კანდიდატი იყრიდა კენჭს, თუმცა ტოკაევი მათ შორის უპირობო ლიდერად მიიჩნეოდა.

დღეს ყაზახეთში ხმის მიცემის პროცედურის პარალელურად რამდენიმე არასანქცირებული საპროტესტო აქცია გაიმართა. ყაზახეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დაკავებულია აქციის 500-ზე მეტი მონაწილე.

ყაზახეთის კონსტიტუციით, პრეზიდენტის თანამდებობის დაკავება ერთსა და იმავე პირს ზედიზედ ორ ვადაზე მეტჯერ ეკრძალება, თუმცა აღნიშნული წესი არ ვრცელდებოდა ქვეყნის პირველ პრეზიდენტზე, ნურსულთან ნაზარბაევზე. 2015 წელს ის ხმების 98%-ით მეხუთე ვადით აირჩიეს.