ეგვიპტის პარლამენტმა პრეზიდენტის მანდატის გახანგრძლივებას მხარი დაუჭირა
ეგვიპტის პარლამენტმა პრეზიდენტის მანდატის გახანგრძლივებას მხარი დაუჭირა

ეგვიპტის პარლამენტმა პრეზიდენტის მანდატის გახანგრძლივებას მხარი დაუჭირა. თუ კონსტიტუციაში შეტანილ ცვლილებას რეფერენდუმზე მხარს დაუჭერენ, ეგვიპტის პრეზიდენტი აბდელ ფატაჰ ალ-სისი თანამდებობაზე დარჩენას 2030 წლამდე შეძლებს.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, საქმე ეხება 140-ე მუხლს, რომელშიც საპრეზიდენტო მანდატი ოთხის ნაცვლად ექვსი წლით შეიცვლება და 2018 წელს არჩეულ პრეზიდენტს მანდატი ორი წლით გაუხანგრძლივდება. ამის შემდეგ, მას არჩევნებში მონაწილეობის მიღება კვლავ შეეძლება. ამასთან, კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილების საფუძველზე პრეზიდენტს უფლებამოსილება გაეზრდება.

როგორც ცნობილია, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით რეფერენდუმი ქვეყანაში უახლოესი 30 დღის განმავლობაში უნდა გაიმართოს.

აბდელ ფატაჰ ალ სისიმ 2013 წელს ქვეყნის პირველი დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტი მუგამედ მურსი ჩამოაგდო, რომლის წინააღმდეგაც ქვეყანაში მასშტაბური საპროტესტო აქციები იმართებოდა. მას შემდეგ უფლებადამცველი ორგანიზაციები ადამიანის უფლებების მასობრივ დარღვევებზე საუბრობენ. მას შორის არის პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრება.

აბდელ ფატაჰ ალ-სისი პრეზიდენტად პირველად 2014 წელს აირჩიეს გასულ წელს პირველი პირის პოსტი კი მეორედ დაიკავა. მან ხმათა 97 პროცენტის მოგროვება შეძლო, რადგან ძირითადი პოლიტიკური ოპონენტების დაკავებების გამო არჩევნებში რეალური კონკურენტი არ ჰყოლია.