ეგვიპტის დაზვერვის უფროსი ისრაელსა და ღაზას სექტორში ჩასვლას გეგმავს
ეგვიპტის დაზვერვის უფროსი ისრაელსა და ღაზას სექტორში ჩასვლას გეგმავს

ისრაელ-პალესტინელებს შორის გაფორმებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებასთან დაკავშირებით, ეგვიპტის დაზვერვის უფროსი აბას ქამელი კვირას, 30 მაისს, ისრაელში ჩავა.

მოსალოდნელია, რომ იგი შეხვედრას გამართავს პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან, აგრეთვე მის მრჩეველთან ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მეირ ბენ-შაბათთან და თავდაცვის სექტორის სხვა მაღალჩინოსნებთან.

აბას ქამელი აგრეთვე ეწვევა ქალაქ რამალას, სადაც იგი პალესტინელთა ლიდერს, მაჰმუდ აბასს შეხვდება. ეგვიპტის დაზვერვის უფროსი ორშაბათს, 31 მაისს სავარაუდოდ ღაზას სექტორში ჩავა, სადაც ორგანიზაცია „ჰამასის“ ლიდერებთან გამართავს მოლაპარაკებებს.

გარდა ამისა, 30 მაისს ისრაელის საგარეო საქმეთ მინისტრი გაბი აშქენაზი ისრაელ-პალესტინელების საკითხზე მოლაპარაკებებისთვის კაიროში ჩავა. მოსალოდნელია, რომ იგი ეგვიპტელ კოლეგას, სამეჰ შუქრის შეხვდება.