ეგვიპტის ავიაციამ ექსტრემისტებზე ავიაიერიში მიიტანა
ეგვიპტის ავიაციამ ექსტრემისტებზე ავიაიერიში მიიტანა

ეგვიპტის საჰაერო ძალებმა სინაის ნახევარკუნძულზე თვითგამოცხადებული ისლამური სახელმწიფოს მოკავშირე შეიარაღებული ექსტრემისტების პოზიციებზე იერიში მიიტანეს. კონტრტერორისტული სპეცოპერაციის შედეგად, 30-მდე ექსტრემისტი დაიღუპა. ეგვიპტის საჰაერო ავიაციამ ასევე მიზანში ამოიღო ტერორისტების ავტომანქანები.

გუშინ ქალაქ ბირ ალ-აბედში მდებარე ალ-რავდას მეჩეთში განხორციელებულ ტერაქტს 300-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. საგანგებო სხდომის შემდეგ ქვეყნის პრეზიდენტმა აბდულ ფატაჰ ალ-სისიმ განაცხადა, რომ ტერორისტები მკაცრად დაისჯებიან.

„ჩვენი შეიარაღებული ძალები და სამართალდამცავი ორგანოები წესრიგს აღადგენენ. ამის პირობას ვდებ. ასევე პირობას ვდებ, რომ ტერორისტები სასტიკად დაისჯებიან. ჩვენ რეგიონში სრულიად მარტო, საკუთარი ძალებით ვებრძვით ტერორიზმს და ახლო მომავალში აუცილებლად გავიმარჯვებთ!“ – განაცხადა პრეზიდენტმა ალ-სისიმ.

წელს ეგვიპტეში უკვე მესამე მასშტაბური ტერაქტი განხორციელდა. პირველი ორმაგი ტერაქტი, რომელზეც პასუხისმგებლობა თვითგამოცხადებულმა ისლამურმა სახელმწიფომ აიღო, 9 აპრილს ბზობაზე მოხდა. სამიზნე ტანტასა და ალექსანდრიის კოპტურ ეკლესიებში სალოცავად მისული ქრისტიანები იყვნენ. ტერორისტულ თავდასხმებს ორივე ქალაქში საერთო ჯამში 47 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 126 კი მძიმედ დაშავდა.

მეორე მასშტაბური ტერაქტი 26 მაისს მინიას წმინდა სამუელის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე განხორციელდა, სადაც ექსტრემისტების სამიზნედ კოპტი ქრისტიანები იქცნენ. შეიარაღებულმა მამაკაცებმა ავტობუსს ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგადაც 29 ადამიანი დაიღუპა. გარდაცვლილებს შორის ექვსი ბავშვი იყო, მათ შორის ყველაზე მცირეწლოვანი ორი წლის.

ორივე თავდასხმაზე პასუხისმგებლობა თვითგამოცხადებულმა ისლამურმა სახელმწიფომ აიღო.