ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში დარჩენილი ქართველი სტუდენტები სამშობლოში გამოემგზავრებიან
ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში დარჩენილი ქართველი სტუდენტები სამშობლოში გამოემგზავრებიან

ექვსი ქართველი სტუდენტი, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დახმარებით, ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკიდან სამშობლოში დაბრუნდება.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულმა მოქალაქეებმა დახმარების თხოვნით საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ეგვიპტეში საქართველოს საელჩოს ცხელ ხაზს მიმართეს.

„საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნება ეგვიპტესა და სომხეთში საქართველოს საელჩოების ჩართულობით და ადგილობრივ ხელისუფლებებთან აქტიური თანამშრომლობით განხორციელდა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ შექმნილი უწყებათაშორისი საკორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც უცხოეთში იმყოფებიან და კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით სხვადასხვა ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვების შედეგად ვერ ახერხებენ სამშობლოში დაბრუნებას, საქართველოს მთავრობა გაუწევს დახმარებას.

აქვე გაცნობებთ, რომ საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალური აპარატი გადასულია მუშაობის საგანგებო რეჟიმზე. ყველა საელჩოში, ისევე, როგორც საგარეო უწყებაში, მოქმედებს 24-საათიანი ცხელი ხაზი. მოქალაქეებს გაეწევათ ყველა საჭირო დახმარება და კონსულტაცია სამშობლოში გამომგზავრების ქმედითი მარშრუტის მოძიებაში“, – აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.