ეგვიპტეში მიმდინარეობს რეფერენდუმი, დარჩეს თუ არა მოქმედი პრეზიდენტი პოსტზე 2030 წლამდე
ეგვიპტეში მიმდინარეობს რეფერენდუმი, დარჩეს თუ არა მოქმედი პრეზიდენტი პოსტზე 2030 წლამდე

ეგვიპტეში აბდელ ფატაჰ ალ-სისის პრეზიდენტის პოსტზე 2030 წლამდე დარჩენასთან დაკავშირებით რეფერენდუმი მიმდინარეობს. მოსახლეობამ უნდა გადაწყვიტოს, შევა თუ არა ძალაში პარლამენტის მიერ კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილება. საქმე ეხება 140-ე მუხლს, რომელშიც საპრეზიდენტო მანდატი ოთხის ნაცვლად ექვსი წლით შეიცვლება და 2018 წელს არჩეულ პრეზიდენტს მანდატი ორი წლით გაუხანგრძლივდება. ამის შემდეგ, მას არჩევნებში მონაწილეობის მიღება კვლავ შეეძლება. შესაბამისად, ალ-სისმა პოსტი შესაძლოა, 2030 წლამდე დაიკავოს. ამასთან, კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილების საფუძველზე პრეზიდენტს უფლებამოსილება გაეზრდება.

აბდელ ფატაჰ ალ სისიმ 2013 წელს ქვეყნის პირველი დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტი მუგამედმურსი ჩამოაგდო, რომლის წინააღმდეგაც ქვეყანაში მასშტაბური საპროტესტო აქციები იმართებოდა. მას შემდეგ უფლებადამცველი ორგანიზაციები ადამიანის უფლებების მასობრივ დარღვევებზე საუბრობენ. მათ შორის არის პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრება.

აბდელ ფატაჰ ალ-სისი პრეზიდენტად პირველად 2014 წელს აირჩიეს გასულ წელს პირველი პირის პოსტი კი მეორედ დაიკავა. მან ხმათა 97 პროცენტის მოგროვება შეძლო, რადგან ძირითადი პოლიტიკური ოპონენტების დაკავებების გამო არჩევნებში რეალური კონკურენტი არ ჰყოლია.