„ეფბიაის“ დირექტორი - აშშ-ში ყველაზე დიდ ტერორისტულ საფრთხეს ადგილობრივი მოძალადე ექსტრემისტები წარმოადგენენ
„ეფბიაის“ დირექტორი - აშშ-ში ყველაზე დიდ ტერორისტულ საფრთხეს ადგილობრივი მოძალადე ექსტრემისტები წარმოადგენენ

ფედერალური საგამოძიებო ბიუროს ხელმძღვანელ კრისტოფერ ურეის თქმით, აშშ-ის შიგნით ყველაზე დიდ ტერორისტულ საფრთხეს ადგილობრივი მოძალადე ექსტრემისტები წარმოადგენენ. ამის შესახებ განცხადება ურეიმ „ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში გააკეთა.

„ეს ადამიანები ძირითადად მარტო მოქმედებენ. ისინი მოტივირებულები არიან სხვადასხვაგვარი იდეოლოგიით, ზოგიერთი არის ჯიჰადისტი, ზოგიც სხვა. ამ ადამიანების რადიკალიზაცია ძალიან სწრაფად ხდება, ძირითადად ინტერნეტ სივრცეში. ისინი თავს ესხმიან იოლ სამიზნეებს. ესენია სკოლები, სავაჭრო ცენტრები და იყენებენ ხელმისაწვდომ იარაღს. ამგვარი ტერორისტების გამოვლენა ძალიან რთულია“, – განაცხადა ურეიმ.

ამავე ინტერვიუში ფედერალური საგამოძიები ბიუროს დირექტორმა განაცხადა, რომ გამოძიება სწავლობდა ბოლო პერიოდში აშშ-ში აგორებულ საპროტესტო ტალღაში უცხო ქვეყნების შესაძლო ჩარევას.

ურეიმ ასევე განაცხადა, რომ საგამოძიებო ბიურო იძიებს 2 000-ზე მეტ საქმეს, რომლებშიც „ჩინეთის მთავრობასთან კავშირი იკვეთება“.

„ჩვენ წარსულში არაერთი შემთხვევა ვიხილეთ, როდესაც აშშ-ის უცხოელი მეტოქეები ცდილობდნენ, გაამძაფრონ ვითარება აშშ-ში. ამისთვის ისინი იყენებენ სახელმწიფო და სოციალურ მედიას. ზოგიერთ შემთხვევაში საქმე გვაქვს პროპაგანდასთან, ზოგჯერ დეზინფორმაციასთან და ყალბ ამბებთან. ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით და ვიძიებთ უცხო ქვეყნების შესაძლო ჩართულობასა და ზეგავლენას იმ პროტესტებზე, რომლებიც აშშ-ში ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ვიხილეთ“, – განაცხადა აშშ-ის ფედერალური საგამოძიებო ბიუროს დირექტორმა.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ში საპროტესტო აქციების ტალღა მას შემდეგ აგორდა, რაც 25 მაისს პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენების დროს შავკანიანი ჯორჯ ფლოიდი გარდაიცვალა. ამის შემდეგ ქვეყნის მასშტაბით რასიზმისა და პოლიციის მხრიდან ძალადობის საწინააღდმეგო არაერთი მიტინგი გაიმართა. დემონსტრაციების ნაწილი პოლიციასთან შეტაკებასა და ძალადობაში გადაიზარდა.

აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ „რასიზმის საწინააღმდეგო გამოსვლებს რადიკალი მემარცხენე ექსტრემისტები აკონტროლებენ“.

დატოვე კომენტარი