ედიშერ ქარჩავა - პეტრე ცაავა თავისი დედაოებითა და დამქაშებით, აპირებდა, პატრიარქის ავტორიტეტი შეერყია და ქვეყანაში დესტაბილიზაცია გამოეწვია
ედიშერ ქარჩავა - პეტრე ცაავა თავისი დედაოებითა და დამქაშებით, აპირებდა, პატრიარქის ავტორიტეტი შეერყია და ქვეყანაში დესტაბილიზაცია გამოეწვია

საპატრიარქოს იურისტი ედიშერ ქარჩავა მღვდელთმთავრობიდან განყენების შემდეგ, პეტრე ცაავას მიერ გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.

ქარჩავას თქმით, როდესაც ამბობდა, რომ პეტრე ცაავას პატრიარქის ფიზიკური და სულიერი მოკვდინება სურდა, „გულისხმობდა სწორედ იმ სიბინძურეს, რაზეც დღეს პეტრე ცაავამ უკვე ღიად ისაუბრა“.

ქარჩავას განცხადებით, პეტრე ცაავამ ეკლესიას და პატრიარქს ცილი დასწამა.

„ფარდა აეხადა იმ გარემოებას, რომ როდესაც გამოვედი მეუფე პეტრეს წინააღმდეგ და ვამბობდი, რომ მას უნდა მოკვდინება პატრიარქის, მას უნდა მისი სულიერი და ფიზიკური მკვლელობა, სწორედ ამ სიბინძურეზე მქონდა აქცენტი. საჯაროდ ვერც გავიმეორებდი, ღმერთმა დამიფაროს, ის სიტყვები, ის ბინძური ცილისწამება, რომელიც მან იკადრა, მაშინ მე მეთქვა. მაგრამ მე ვთქვი, რომ მას უნდა პატრიარქის მკვლელობა, მოკვდინება, ანუ სულიერი და ფიზიკური. შეიძლებოდა ადამიანს ელემენტარულად გულიც კი გასკდომოდა იმ ცილისწამებისათვის, იმ ბინძური კამპანიისთვის, რომელიც მან, აი, იმ ბოროტმა ვერ დაითმინა და მისი ბაგეებიდან ათქმევინა. ამიტომ მადლობა ღმერთს, რომ ეს ჩემი სიტყვები გამართლდა. ბრალს მდებდნენ, რომ თითქოს მე ვაბრალდებდი მეუფე პეტრეს და მას პატრიარქი  ძალიან უყვარდა, დღეს დაასტურდა, რამხელა სუძულვილით, ბოღმით იყო აღვსილი ეს ბოროტება, როგორი ცილისწამება აკადრა ეკლესიას და მის უწმინდეს საჭეთმპყრობელ პატრიარქს“ , – განაცხადა ედიშერ ქარჩავამ.

ქარჩავას განმარტებით, პეტრე ცაავა რამდენიმე წლის წინ კათოლიკოს-პატრიარქის ავტორიტეტის შერყევასა და ქვეყანაში დესტაბილიზაციის გამოწვევას გეგმავდა.

„ამ განცხადებით, ამ ბინძური კამპანიით, თავისი დედაოებით, თავისი დამქაშებით, მრევლით, ის აპირებდა რამდენიმე წლის უკან, რომ კათოლიკოს-პატრიარქის ავტორიტეტი შეერყია, დედაეკლესიის ავტორიტეტი შეერყია და ქვეყანაში დესტაბილიზაცია გამოეწვია. მე არ ვიცი, ვის და რის მიზანს ემსახურება, მაგრამ ფაქტია, მას ამოძრავებდა პირადი ამბიცია ან გარკვეული ძალები აშანტაჟებდნენ, ან აიძულებდნენ“ , – აღნიშნა ედიშერ ქარჩავამ.

შეგახსენებთ, ჭყონდიდის უკვე ყოფილი მიტროპოლიტი პეტრე ცაავა წმინდა სინოდმა მღვდელთმთავრობიდან განაყენა, ხოლო ჭყონდიდის ეპარქიის მმართველად წალკელი ეპისკოპოსი, მეუფე გრიგოლი დაინიშნა.