ედიშერ ხორავა - გაზის მომხმარებლებისთვის რეგულაციები რაც შეიძლება სწრაფად უნდა გამკაცრდეს, კანონპროექტი უკვე მომზადებულია  
ედიშერ ხორავა - გაზის მომხმარებლებისთვის რეგულაციები რაც შეიძლება სწრაფად უნდა გამკაცრდეს, კანონპროექტი უკვე მომზადებულია  

გაზის მომხმარებლებისთვის რეგულაციები რაც შეიძლება სწრაფად უნდა გამკაცრდეს, – ამის შესახებ „თბილისი ენერჯის“ კომერციული დეპარტამენტის უფროსმა ედიშერ ხორავამ განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით კანონპროექტი განხილვის ეტაპზეა. შესაბამისად, ის როგორც ადრე ითქვა, პირველი ნოემბრიდან ვერ ამოქმედდება.

„არსებული მდგომარეობა მოითხოვს რეგულაციები რაც შეიძლება დაჩქარებულ ვადებში გამკაცრდეს. ვიცით, რომ იმუშავა ეკონომიკის სამინისტრომ ამაზე, სემეკ-თან ერთად და ასევე ჩვენც ჩართული ვიყავით. მომზადებულია კანონპროექტი, რომელიც განხილვის ეტაპზეა და ინფორმაცია ჩვენ ასეთი გვაქვს, რომ ნოემბერში იგეგმება ამოქმედება ამ რეგულაციების“, – განაცხადა „თბილისი ენერჯის“ კომერციული დეპარტამენტის უფროსმა.

ედიშერ ხორავას ინფორმაციით, პირველ ეტაპზე ამოქმედება რეგულაცია, რომელიც მიმართული იქნება ურჩი მომხმარებლის პრობლემის მოსაგვარებლად.

„საუბარია, რომ ლიცენზიანტებს შეეძლოთ, გამოიძახონ საპატრულო პოლიცია ადგილზე, სადაც შეიქმნება პრობლემები და საპატრულო პოლიცია უზრუნველყოფს კონფლიქტებისა და პრობლემების დარეგულირებას, რათა საშუალება მიეცეს კომპანიის წარმომადგენლებს, განახორციელონ დაკისრებული ვალდებულებები. რაც შეეხება მეორე ეტაპს, საუბარია ფინანსური სანქციების შემოღებაზე მომხმარებლების მიმართ, რომლებიც თვითნებურად მიაერთებენ და კუსტარულად დაამონტაჟებენ დანადგარებს. ასევე კომპანიის მიერ აკრძალვის შემთხვევაში, გაზის შეწყვეტის შემდგომ თუ მიაერთებენ, ამ კატეგორიაზეც იქნება გათვალისწინებული ფინანსური სანქციები. ეს ეხება როგორც ფიზიკურ ასევე იურიდიულ პირებს. ჩვენი ინფორმაციით, კანონპროექტში საუბარია პირველ ეტაპზე ფიზიკური პირების 50 ლარით დაჯარიმებაზე, ხოლო იურიდიული პირების – 500 ლარით. თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს არის კანონპროექტი და მასში შესაძლოა, ცვლილებები შევიდეს“, – განაცხადა ედიშერ ხორავამ და აღნიშნა, რომ კანონპროექტი პარლამენტს დასამტკიცებლად მალე წარედგინება.

ახალი რეგულაციის თანახმად, თუ ობიექტზე (მათ შორის საცხოვრებელ ადგილას) არსებული გაზდანადგარის ექსპლუატაცია დაუშვებელია და მომხმარებელი უარს აცხადებს გაზდანადგარის დაუყოვნებლივ დემონტაჟზე ან/და აშკარაა ამ ხელსაწყოთი თვითნებური სარგებლობა, ასეთ შემთხვევაში გაზგამანაწილებელი კომპანიის თანამშრომელი ვალდებული იქნება, პოლიციას აცნობოს სიცოცხლისათვის საფრთხის შემცველი გარემოების შესახებ. როგორც საქართველოს პირველ არხს ეკონომიკის სამინისტროში განუმარტეს, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ პროექტი ასევე ითვალისწინებს ფულად ჯარიმებს, თუმცა ჯარიმების ნაწილის ამოქმედება 2021 წლიდან არის ნავარაუდევი.