ედი რამა – საპროტესტო აქციები უფლებაა, ძალადობა კი დანაშაული, ჩვენი დემოკრატიული განვითარების კრიტიკულ ეტაპზე აუცილებელია ამ წითელი ხაზის მკაფიოდ გავლება

20:38, 19.10.2026

ალბანეთის პრემიერ-მინისტრი ედი რამა ანტისახელისუფლებო აქციის მონაწილეებს აფრთხილებს, რომ მათ „წითელი ხაზები“ გადაკვეთეს, როდესაც სამართალდამცველების ავტომობილს ცეცხლი წაუკიდეს. ქვეყანაში უკვე ერთი კვირაა, სამართალდამცველებთან შეტაკებებმა რეგულარული ხასიათი მიიღო, იმ მრავალთვიანი აქციების ფონზე, რომლის ფარგლებშიც ალბანეთის მოქალაქეები განათლების სისტემაში არსებულ ხარვეზებს აპროტესტებდნენ და პრემიერის გადადგომას მოითხოვდნენ.

ერთი დღით ადრე, აქციის მონაწილეებმა ე.წ. მოლოტივის კოქტეილი ესროლეს პოლიციის განყოფილებასა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შესასვლელს. დემონსტრაციების განმავლობაში, მნიშვნელოვნად დაზიანდა სამთავრობო შენობები, მათ შორის განათლების სამინისტრო.

„საპროტესტო აქციები – ეს უფლებაა, ძალადობა – დანაშაული.  ჩვენი დემოკრატიული განვითარების ამ კრიტიკულ ეტაპზე, აუცილებელია ამ წითელი ხაზის მკაფიოდ გავლება“, – განაცხადა ედი რამამ.

​მისი თქმით, ის მზად არის დიალოგისთვის მათი გამოკლებით, ვინც მიმართავს ძალადობას და  ასევე იმ პოლიტიკური პარტიების, რომლებიც არ დისტანცირდებიან ძალადობისგან.

აქციის მონაწილეები დღეს კვლავ შეიკრიბნენ, ტირანას მთავარ მოედანზე და განათლების სამინისტროს წინ. რასაც სამთავრობო შენობებზე თავდასხმა და მაღაზიების დარბევა მოჰყვა. სპეცდანიშნულების რაზმებმა მათ დასაშლელად ცრემლსადენი ჭურვები გამოიყენეს.

ხელისუფლების ცნობით, დემონსტრაციებზე 300-მდე ადამიანი დაშავდა. მათი უმეტესობა სამართალდამცველია.

ალბანეთის პრემიერმა არეულობის გამოწვევაში ასევე დაადანაშაულა „უცხოური ძალები“, მათ შორის ირანი და რუსეთი, რომელთაც ინტერნეტში დეზინფორმაციის გავრცელებაზე დააკისრა პასუხისმგებლობა.

„რუსეთი არ არის ალბანეთის მოკავშირე“, – განაცხადა ედი რამამ და აღნიშნა, რომ „რუსული გავლენის ტალღა მოიცავს სოციალური ქსელების ეკოსისტემას“.

პრემიერის თქმით,  ირანთან დაკავშირებული ათობით ათასი ყალბი ანგარიში ფარულად მოქმედებდა ეკოლოგიური აქტივიზმის საფარქვეშ.

მსგავსი