ედგარს რინკევიჩსი - მომავალი სამიტის დეკლარაცია უნდა იყოს ნათელი დადასტურება, რომ გაწევრიანების მსურველებისთვის ნატო-ს კარი ღიაა
ედგარს რინკევიჩსი - მომავალი სამიტის დეკლარაცია უნდა იყოს ნათელი დადასტურება, რომ გაწევრიანების მსურველებისთვის ნატო-ს კარი ღიაა

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრის ედგარს რინკევიჩსის განცხადებით, ქართველ კოლეგასთან, დავით ზალკალიანთან გამართულ შეხვედრაზე საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის საკითხები და ნატო-ს მომავალი სამიტის სამზადისი განიხილეს.

მისი თქმით, დეკლარაციაში ასახული იქნება ნატო-ში გაწევრიანების სურვილის მქონე ქვეყნების მისწრაფებები, ასევე ლატვია მხარს დაუჭერს სამიტის შემდგომ ნატო-საქართველოს კომისიის შეხვედრას.

„საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან შეხვედრაზე განვიხილეთ ნატო-ს მომავალი სამიტის თემა და საჭიროება, რომ ნატო-ს სამიტის დეკლარაციაში იყოს იმის ძალიან ნათელი დადასტურება, რომ ნატო-ს კარი ღიაა და რომ პრაქტიკული მხარდაჭერა ხორციელდება იმ პარტნიორების მიმართ, რომელთაც სურვილი აქვთ ნატო-ში გაწევრიანების.

ეს არ გახლავთ დიდი სამიტი, როგორც წესი, ნატო-ს წევრი ქვეყნები ერთმანეთს ხვდებიან, როცა აშშ-ს ახალი პრეზიდენტის არჩევა ხდება. ჩვენ ნატო-ს სამიტიდან ველით ახალ სტრატეგიულ კონცეფციას, ველოდებით იმ საკითხებზე მუშაობას, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ნატო-ს მოკავშირეებისთვის, როდესაც მე-5 მუხლს ეხება საქმე. ჩვენ ასევე გვინდა, ვიხილოთ კიდევ ერთხელ ღია კარის პოლიტიკის დადასტურება. ჩვენ შევძლებთ, რომ ნატო-ს სამიტის შემდეგ შედგეს საქართველო-ნატო-ს შეხვედრა საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე და რა თქმა უნდა, მხარს დავუჭერთ ამ შეხვედრას“, – განაცხადა ედგარს რინკევიჩსმა.

7-8 ივნისს, საქართველოს ოფიციალური ვიზიტით, ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ედგარს რინკევიჩსი სტუმრობს. საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი, შეხვედრებს ასევე გამართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან კახა კუჭავასთან.

საქართველოში ყოფნისას, ლატვიის საგარეო უწყების ხელმძღვანელი საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფელ ოძისში გაემგზავრება და ადგილზე გაეცნობა არსებულ ვითარებას. ამასთან, ედგარს რინკევიჩსი პატივს მიაგებს ქვეყნის ერთიანობისთვის დაღუპულ მებრძოლებს და გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს, იგი ასევე საპატიო სტუმრების წიგნში ჩანაწერს გააკეთებს.

დატოვე კომენტარი