ედგარს რინკევიჩსი - გვინდა, ყველას შევახსენოთ ფაქტები, რომლებიც ათი წლის წინ მომხდარ აგრესიას ასახავს
ედგარს რინკევიჩსი - გვინდა, ყველას შევახსენოთ ფაქტები, რომლებიც ათი წლის წინ მომხდარ აგრესიას ასახავს

გვინდა, ყველას შევახსენოთ ფაქტები, რომლებიც ათი წლის წინ მომხდარ აგრესიას ასახავს, – ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ედგარს რინკევიჩსიმ განაცხადა.

„მსურს, გავიმეორო, რომ ლატვია მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. როგორც ჩემმა კოლეგებმა აღნიშნეს, ეს ვიზიტი არის როგორც სოლიდარობის, ასევე მხარდაჭერის ვიზიტი და ჩვენს დისკუსიებში დღეს განვიხილეთ არა მხოლოდ ისტორია, არამედ – რა უნდა გავაკეთოთ, რათა დღის წესრიგში იყოს საქართველოსა და უკრაინის საკითხი. უნდა შევეცადოთ, რომ აქტიურად გავიტანოთ ეს თემები ევროპის საბჭოში, გაერო-ს ასამბლეაში და სხვადასხვა ორგანიზაციაში. თუ ძალისხმევას არ მივაპყრობთ ამ საკითხებს, შეიძლება დღის წესრიგიდან საერთოდ გაქრეს“, – განაცხადა ედგარს რინკევიჩსიმ.

უკრაინის ვიცე-პრემიერი, პავლო როზენკო საქართველოს გუშინ ესტუმრა. ამასთან, თბილისში პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იაცეკ ჩაპუტოვიჩი, ლიეტუვის საგარეო უწყების ხელმძღვანელი ლინას ანტანას ლინკევიჩიუსი, ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ედგარს რინკევიჩსი ჩამოვიდნენ.

ვიზიტის ფარგლებში სტუმრებმა მონაწილეობა მიიღეს საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით დაგეგმილ მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრაში – „მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის – 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 10 წლის შემდეგ“.