ედგარს რინკევიჩსი - ახალ კონცეფციაში გვჭირდება მკაფიო გზავნილი, რომ ნატო-ს კარი ღია რჩება
ედგარს რინკევიჩსი - ახალ კონცეფციაში გვჭირდება მკაფიო გზავნილი, რომ ნატო-ს კარი ღია რჩება

რიგაში ნატო-ს მინისტრებს საინტერესო დისკუსია გვქონდა ახალ სტრატეგიულ კონცეფციაზე. ვთანხმდებით, რომ გვჭირდება მკაფიო გზავნილი ამ ახალ კონცეფციაში, რომ ნატო-ს კარი რჩება ღია, – ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ედგარს რინკევიჩსმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის განცხადების შესახებ დასმულ კითხვაზე ლატვიის პირველმა დიპლომატმა აღნიშნა, რომ ზუსტად ამ რიტორიკის გამო, სულ უფრო მეტი ქვეყანა იყურება დასავლეთისკენ.

„ეს არის შეკითხვა, რომელიც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს უნდა დაუსვათ. რაც მე შემიძლია გითხრათ, ის არის, რომ რუსეთმა იცის და ხედავს, რომ არ არის ისეთი მიმზიდველი და წარმატებული ქვეყანა, როგორიც ევროკავშირისა და ნატო-ს ორგანიზაციაა. რუსეთი პოზიტიურ სიგნალებს გაუგზავნიდა მეზობელ ქვეყნებს იმ იმედით, რომ იქნებ ამ ქვეყნებიდან რომელიმემ უარი თქვას ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე. მაგრამ ვხედავთ, რომ ზუსტად ამ რიტორიკის, სწორედ ამ ქმედებებისა და რუსეთის ოფიციალური პირების განცხადებების გამო, სულ უფრო მეტი ქვეყანა იყურება დასავლეთის კარისკენ, რათა მეტად ინტეგრირებული გახდეს დასავლეთთან. საქართველო, უკრაინა და მოლდოვა ის ქვეყნები არიან, რომლებიც მიისწრაფვიან ევროკავშირთან უფრო მეტი ინტეგრაციული თანამშრომლობისკენ, საქართველო და უკრაინა კი ასევე ნატო-სთან დაახლოებისკენ“, – განაცხადა ედგარს რინკევიჩსმა.

შეკითხვაზე, ხომ არ ფიქრობს, რომ მოვიდა დრო, ნატო-მ მიიღოს პოლიტიკური გადაწყვეტილება თუნდაც MAP-ის მინიჭებაზე, ლატვიის პირველმა დიპლომატმა აღნიშნა, რომ არიან წევრი სახელმწიფოები, რომლებსაც უფრო თავშეკავებული მიდგომები აქვთ.

„როდესაც საქმე გაფართოებას ეხება, ნატო და ევროკავშირი მოქმედებენ არა კვალიფიციური უმრავლესობით ან უბრალო უმრავლესობით, არამედ ვმოქმედებთ გადაწყვეტილების მიღების ანონიმური პროცესის პატივისცემით, ეს არის საბაზისო. ამ საკითხზე არ არის ერთიანობა წევრ 30 სახელმწიფოს შორის. თქვენ იცით ბალტიის სახელმწიფოების პოზიცია, ლატვიის, ლიეტუვის, პოლონეთის, რუმინეთის ჩათვლით. სულ მცირე, ეს ქვეყნები, რომლებიც მხარდამჭერები არიან, მაგრამ არიან წევრები, რომლებსაც უფრო თავშეკავებული მიდგომები აქვთ, რომ ასპირანტებს სჭირდებათ მეტი რეფორმები, მეტი უსაფრთხოება და თავდაცვა. ზოგიერთი მათგანი, მოდი, ასე ვთქვათ, მიიჩნევს, რომ არ არის საჭირო ისეთი გადაწყვეტილებების მიღება, რომლებიც საყოყმანო იქნება. ჩვენი პოზიცია ყოველთვის იყო, რომ ნატო და ევროკავშირი არ უნდა მოექცეს რუსეთის ზეწოლის ქვეშ. გულწრფელად რომ ვთქვა, გუშინ რიგაში ნატო-ს მინისტრებს საინტერესო დისკუსია გვქონდა ახალ სტრატეგიულ კონცეფციაზე. ვთანხმდებით, რომ გვჭირდება მკაფიო გზავნილი ამ ახალ კონცეფციაში, რომ ნატო-ს კარი რჩება ღია“, – აღნიშნა ედგარს რინკევიჩსმა.