ედგარს რინკევიჩი - პოლონეთში თუ 19-ზე მეტი დრონი დაფრინავს, გულწრფელად რომ ვთქვათ, ეს საშიშია, ძალიან ძნელად დასაჯერებელია, რომ შემთხვევით ხდება
ედგარს რინკევიჩი - პოლონეთში თუ 19-ზე მეტი დრონი დაფრინავს, გულწრფელად რომ ვთქვათ, ეს საშიშია, ძალიან ძნელად დასაჯერებელია, რომ შემთხვევით ხდება

პოლონეთში თუ 19-ზე მეტი დრონი დაფრინავს, ამას შეიძლება, რამდენიმე ახსნა ჰქონდეს: განზრახ, არაკომპეტენტურობა ან ორივე ერთად და სამივე ვარიანტი, გულწრფელად რომ ვთქვათ, საშიშია, – ამის შესახებ ლატვიის პრეზიდენტმა, ედგარს რინკევიჩმა ფინეთის პრეზიდენტთან, ალექსანდრ სტუბთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც ლატვიის პრეზიდენტმა აღნიშნა, პოლონეთში უპილოტო საფრენი აპარატის გამოჩენა, ძალიან ძნელად დასაჯერებელია, რომ შემთხვევით მოხდა.

„პრეზიდენტ სტუბთან შეხვედრისას აღნიშნული საკითხი განვიხილეთ. ამ სიტუაციიდან უნდა ვისწავლოთ, რომ ამ ეტაპზე ნატო-ს წევრ ქვეყნებში თავდაცვის სისტემები ჯერ კიდევ საჭიროებს განვითარებას“, – განაცხადა რინკევიჩმა.

თავის მხრივ, ფინეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში ომის ესკალაცია მიუღებელია და მოითხოვს მკაფიო რეაგირებას.

„რუსეთის აგრესიული ომი უკრაინაში – ჩვენი ომია. რუსეთის მიერ უკრაინაში ომის ესკალაცია უბრალოდ მიუღებელია და მოითხოვს მკაფიო რეაგირებას. სწორედ ამიტომ მივესალმებით ნატო-ს მიერ „აღმოსავლეთის მცველის“ სახით განხორციელებულ ქმედებებს. რასაც მე ვხედავ და მესმის ამერიკელ მეგობრებთან საუბრებში არის ის, რომ ევროპული უსაფრთხოება უდიდესი მნიშვნელობისაა აშშ-ის ამჟამინდელი ადმინისტრაციისთვის“, – განაცხადა ალექსანდრ სტუბმა.

შეგახსენებთ, პოლონეთში უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს, რომელიც სამთავრობო შენობების თავზე დაფრინავდა. მანამდე, 10 სექტემბრის ღამეს, რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებული მასშტაბური თავდასხმის დროს პოლონეთის საჰაერო სივრცე რამდენიმე დრონმა დაარღვია. ამის შემდეგ, ნატო-ში განაცხადეს, რომ აღმოსავლეთ ფლანგზე პოზიციების კიდევ უფრო გასაძლიერებლად იწყებენ ოპერაციას „აღმოსავლეთის მცველი“.