EBU-მ ევროპის ჩემპიონატზე სტატია გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამია, რომ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა საქართველოს საფეხბურთო ნაკრების წარმატების გაშუქებაში გადამწყვეტი როლი ითამაშა

15:00, 12.06.2024

ევროპის მაუწყებელთა კავშირმა (EBU) უეფა-ს 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის შესახებ სტატია გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამია, რომ საქართველოს საფეხბურთო ნაკრების წარმატების გაშუქებაში გადამწყვეტი როლი საქართველოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ითამაშა.

სტატიაში ნათქვამია, რომ საქართველოს ნაკრებმა ჩემპიონატზე ასპარეზობის შესაძლებლობა ისტორიაში პირველად მოიპოვა და საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი მზად არის, 14 ივნისიდან ევროპის ჩემპიონატის ყველა ამაღელვებელი მომენტი მაყურებელს აჩვენოს.

„საზოგადოებრივი მაუწყებელი ამ პროცესის ყველა ნაბიჯს მიჰყვებოდა, ადრეული შესარჩევი ეტაპიდან პლეი ოფში საბერძნეთის წინააღმდეგ დამაჯერებელ გამარჯვებამდე უზრუნველყოფდა პირდაპირ ტრანსლაციას და სთავაზობდა სიღრმისეულ ანალიზს“, – ნათქვამია სტატიაში.

26 მარტს, გადამწყვეტი შესარჩევი მატჩის დროს საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერს ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილი ადევნებდა თვალს, წუთში, საშუალოდ, 1 061 767 მაყურებელი, რაც ბაზრის წილის 60 პროცენტს შეადგენს.

„ევროპის ჩემპიონატზე მიღწეული წარმატებით გამოწვეული მღელვარება და ერთიანობა უპრეცედენტო იყო. ამ ისტორიულმა გამარჯვებამ მოხსნა მაყურებლის რეკორდები, რაც სატელევიზიო ბაზრისთვის უპრეცედენტო მომენტია. ეროვნული მარეგულირებელი კომისიის მონაცემებით, მატჩს 1,1 მილიონმა ადამიანმა უყურა. საქართველოს ნებისმიერი სატელევიზიო გადაცემისთვის ეს იყო რეკორდი – მთელი ქვეყანა უყურებდა“, – განაცხადა საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა, თინათინ ბერძენიშვილმა.

სტატიაში ნათქვამია, რომ მაყურებლის ეს რაოდენობა ხაზს უსვამს, საზოგადოებრივი მედიის როლის მნიშვნელობას, რათა დასამახსოვრებელი მომენტები ფართოდ ხელმისაწვდომი გახდეს.

„საქართველოს ტერიტორიაზე უფასო ტრანსლაციის უფლებებთან დაკავშირებით ევროპის მაუწყებელთა კავშირის წარმატებული მოლაპარაკებების ფარგლებში ფეხბურთის ქომაგებს საშუალება ექნებათ, განაგრძონ გუნდის გულშემატკივრობა, 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის ყველა მატჩი ხელმისაწვდომი იქნება საქართველოს პირველ არხზე.

ევროპის მაუწყებელთა კავშირმა, ასევე, გულშემატკივრებისთვის უზრუნველყო ტრანსლაციის მსგავსი უფლებები მალტასა და კვიპროსში. ამ შეთანხმების თანახმად, ამ ბაზრებზე ტრანსლაციის უფლება ექნებათ რადიომაუწყებლებსაც. ჩემპიონატის ხელმისაწვდომობა ამ ტერიტორიებზე კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ევროპის მაუწყებელთა კავშირის და მათი წევრების მუშაობას, რომ უზრუნველყონ აუდიტორიისთვის მსგავსი ეროვნული მნიშვნელობის ღონისძიებების ფართო გაშუქება, რაც აღვივებს ეროვნული სიამაყისა და ერთიანობის გრძნობას.

თუმცა გუნდის აღიარება სცილდება მის სამაუწყებლო წარმატებას. საქართველოს მთავრობამ ცოტა ხნის წინ ეროვნული ნაკრები, მწვრთნელები და ხელმძღვანელობა ღირსების ორდენით დააჯილდოვა, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა კი, ამ ისტორიული ეტაპის აღსანიშნავად, 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის საკოლექციო მონეტა გამოუშვა.

უხვად იყო საერთაშორისო აღიარებაც. იყო საჯარო მოლოცვები მსოფლიო ლიდერებისგან, მათ შორის, ყაზახეთისა და  მოლდოვის პრეზიდენტების მხრიდან. გარდა ამისა, ფონდმა „ქართუმ“, რომელიც 1995 წელს ბიძინა ივანიშვილის ოჯახის მიერ ფილანთროპიული და საქველმოქმედო პროექტებით საქართველოს მხარდაჭერისთვის დაარსდა, მნიშვნელოვანი ჯილდოს დაპირება გასცა, თუ გუნდი ჯგუფური ეტაპიდან გავა.

უეფა-ს ევროპის ჩემპიონატზე პირველად მოხვედრას დიდი მნიშვნელობა აქვს საქართველოსთვის, რადგან ის აერთიანებს ქვეყანას ერთიანი მიზნის მხარდასაჭერად და აძლიერებს ეროვნულ იდენტობას. ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს პირველი მატჩი 18 ივნისს დორტმუნდში თურქეთის წინააღმდეგ გაიმართება. ეს დებიუტი კიდევ ბევრ საინტერესო მომენტს გვპირდება.

გარდა ამისა, ეს საქართველოს გლობალურ სპორტულ რუკაზე ანიჭებს ადგილს, ზრდის მის ხილვადობას და აღიარებას საერთაშორისო საზოგადოებაში. ამ საერთაშორისო აღიარებას შეიძლება ჰქონდეს დადებითი ეფექტი შორეულ პერსპექტივაში, მათ შორის, ადგილობრივი ეკონომიკის გაძლიერება სამაუწყებლო რეკლამიდან და სპონსორობით მიღებული შემოსავლების მეშვეობით.

უფრო მეტიც, ამ მიღწევამ, შესაძლოა, სპორტულ ინფრასტრუქტურას და ახალგაზრდობის განვითარების პროგრამებს მეტი ინვესტიცია მოუტანოს, წაახალისოს უფრო მეტი ახალგაზრდა, დაკავდეს სპორტით და გააუმჯობესოს მოსახლეობის ჯანმრთელობა. ამის მაგალითია ინგლისის ქალთა ეროვნული საფეხბურთო გუნდის, „ლომების“ წარმატება, რომელმაც გამოიწვია ინტერესი და ჩართულობა ქალთა ფეხბურთში მთელი ქვეყნის მასშტაბით. ამან აჩვენა, როგორ შეუძლია საერთაშორისო წარმატებას, შთააგონოს სპორტსმენების ახალი თაობა“, – ნათქვამია სტატიაში.

ტურნირის მნიშვნელობაზე პირველ არხთან ნახევარმცველმა გიორგი ქოჩორაშვილმა ავსტრიის საწვრთნელ ბაზაზე ისაუბრა.

„ევროპის ჩემპიონატი იშვიათი მოვლენაა, რომელიც ტარდება ოთხ წელიწადში ერთხელ. საქართველოსთვის ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ტურნირია. მოვუწოდებ გულშემატკივრებს, განაგრძონ ურყევი მხარდაჭერა და ვიმედოვნებ, კიდევ ერთხელ იამაყებენ ჩვენით“, – განაცხადა ქოჩორაშვილმა.

„იმ დროს, როდესაც საქართველო ემზადება ევროპულ სცენაზე გამოსავლისთვის, მთელი ერი ერთიანია მხარდაჭერისთვის, მზადაა, უგულშემატკივროს მათ ამ ისტორიულ გზაზე. საზოგადოებრივი მაუწყებლის ექსკლუზიური გაშუქება უზრუნველყოფს, რომ საქართველოს მოსახლეობას შეეძლოს ამ უპრეცედენტო მიღწევით აღფრთოვანებისა და სიამაყის გაზიარება. „„ჯვაროსნებო“, წარმატებები“, – ნათქვამია სტატიაში.

მსგავსი