EBRD-ის პრეზიდენტი - კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ახალგაზრდა ლიდერები, როგორიც მამუკა ბახტაძეა, თავიანთ ქვეყნებს ცვლიან
EBRD-ის პრეზიდენტი - კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ახალგაზრდა ლიდერები, როგორიც მამუკა ბახტაძეა, თავიანთ ქვეყნებს ცვლიან

საქართველო მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების რეიტინგში მეექვსე ადგილზეა და სამხრეთ კორეასა და ნორვეგიას შორის იკავებს ადგილს, თუმცა პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ მოწინავე სამეულში სურს ყოფნა, – ამის შესახებ დავოსის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ დისკუსიაზე „ევრაზია ახალ გლობალურ კონტექსტში“ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) პრეზიდენტმა, სუმანტრა ჩაკრაბარტიმ განაცხადა.

მისი შეფასებით, ევრაზიის რეგიონი ერთ-ერთი ყველაზე დინამიური გახდა.

„მრავალი წლის განმავლობაში, საბჭოთა პერიოდში აღნიშნული რეგიონი გლობალური ეკონომიკური სისტემისთვის ჩაკეტილი იყო. ბოლო 25 წლის განმავლობაში ჩვენ ვხედავთ რეგიონის აღმასვლას, ხორციელდება „ერთი სარტყელი, ერთი გზის“, „ახალი აბრეშუმის გზის“ ინიციატივები. ვფიქრობ, საქმე ეხება არა მხოლოდ დიდი სახელმწიფოების დაინტერესებას რეგიონით, თავად რეგიონი და მისი ხელმძღვანელობა შეიცვალა“, – აღნიშნა EBRD-ის პრეზიდენტმა.

მისი შეფასებით, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ახალგაზრდა ლიდერები, როგორიც მაგალითად, მამუკა ბახტაძეა, თავიანთ ქვეყნებს ცვლიან, რათა უფრო დინამიური გახდეს.

„რეგიონული ეკონომიკური ზრდა 5,6 პროცენტია. რატომ ხდება ეს? ნაწილობრივ იმიტომ, რომ ხელისუფლებებმა გადაწყვიტეს, გადალახონ არსებული გამოწვევები, მაგალითად, საინვესტიციო კლიმატთან დაკავშირებით. როგორ შევცვალოთ საინვესტიციო კლიმატი ისე, რომ უცხოელმა და ადგილობრივმა ინვესტორებმა რეგიონში ფულის ჩადება გადაწყვიტონ? საქართველო მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების რეიტინგში მეექვსე ადგილზეა, ის სამხრეთ კორეასა და ნორვეგიას შორის იკავებს ადგილს, თუმცა მამუკა ბახტაძე ამბობს, რომ მოწინავე სამეულში სურს ყოფნა. არსებობს სხვა ასეთი წარმატებული ისტორიებიც, მაგალითად, ყაზახეთი და უზბეკეთი“, – განაცხადა დისკუსიაზე სუმანტრა ჩაკრაბარტიმ.