EBRD-ის კავკასიის რეგიონულ დირექტორად კატარინა ბიორლინ ჰანსენი დაინიშნა
EBRD-ის კავკასიის რეგიონულ დირექტორად კატარინა ბიორლინ ჰანსენი დაინიშნა

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD)  კავკასიის რეგიონულ დირექტორად კატარინა ბიორლინ ჰანსენი დაინიშნა. ახალ თანამდებობაზე მუშაობას ის 2019 წლის პირველი აპრილიდან შეუდგება.

კატარინა ბიორლინ ჰანსენი კატარინა ბიორლინ ჰანსენი უხელმძღვანელებს ბანკის საქმიანობას სომხეთში, აზერბაიჯანსა და საქართველოში. ამ პოზიციაზე ბრუნო ის ბალვანერას შეცვლის, რომელიც ცენტრალურ აზიაში EBRD-ის მმართველ დირექტორად დასახელდა.

„ჩემთვის განსაკუთრებით სასიხარულოა კავკასიაში დაბრუნება რეგიონული დირექტორის რანგში და ამ დიდი მოვალეობის საკუთარ თავზე აღება. ეს სტრატეგიულად მნიშვნელოვანი რეგიონია, რომელსაც უზარმაზარი პოტენციალი გააჩნია შემდგომი განვითარებისათვის. ამისათვის მნიშვნელოვანი წინაპირობაა გლობალურ ეკონომიკაში შემდგომი ინტეგრაცია და EBRD-ი გააგრძელებს განვითარების პროცესის მხარდაჭერას ინვესტიციებისა და რეფორმების გზით. ვიმედოვნებ, რომ EBRD-ის ადგილობრივ გუნდებთან მუშაობით მნიშვნელოვან წვლილს შევიტან ამ ქვეყნების ეკონომიკურ წინსვლაში ყველას საკეთილდღეოდ“, – განაცხადა კატარინა ბიორლინ ჰანსენმა.

კატარინა ბიორლინ ჰანსენი წარმოშობით შვედია. EBRD-ში მუშაობა 2006 წელს დაიწყო და 2016 წლამდე პასუხისმგებელი იყო ბანკის მუნიციპალურ ინფრასტრუქტურულ აქტივობებზე ცენტრალურ აზიაში, კავკასიაში, ბელარუსსა და მოლდოვაში. ამ პერიოდის განმავლობაში ის მუშაობდა თბილისის ოფისში. მან განავითარა და განახორციელა მუნიციპალური ინფრასტრუქტურის პროექტები ასზე მეტ ქალაქში მყარი ნარჩენების მართვის, წყლის მიწოდების, გამდინარე წყლების მართვის, საზოგადოებრივი ტრანსპორტის, ცენტრალური გათბობისა და „ჭკვიანი ქალაქის“ ინვესტიციების სფეროებში.

კატარინა ჰანსენი 2016 წელს სამუშაოდ გადავიდა ქაიროში, ეგვიპტის ოფისის დირექტორის მოადგილედ, სადაც  ზედამხედველობდა ბანკის აქტივობების მნიშვნელოვნად გაფართოების პროცესს ინვესტიციებისა და პოლიტიკის დაგეგმვის კუთხით.
EBRD-ში მუშაობის დაწყებამდე, ათი წლის განმავლობაში კატარინა ბიორლინ ჰანსენი მუშაობდა საკონსულტაციო კომპანიაში „კარლ ბრო“, ინფრასტრუქტურულ პროექტებზე დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ქვეყნებში, სამხრეთ აღმოსავლეთ აზიასა და შუა აღმოსავლეთში, კოპენჰაგენის, მოსკოვისა და ბანგკოკის ოფისებში. მიღებული აქვს ლონდონის უნივერსიტეტის აღმოსავლური და აფრიკული კვლევების სკოლის მაგისტრის სამეცნიერო ხარისხი განვითარების ფინანსების სფეროში.