ე.წ. ყინწვისის საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ გამართლებული პირები პროკურატურაში იმყოფებოდნენ
ე.წ. ყინწვისის საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ გამართლებული პირები პროკურატურაში იმყოფებოდნენ

ე.წ. ყინწვისის საქმეზე სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის მუხლით 2011 წელს ბრალდებულები, სააპელაციო სასამართლოს გუშინდელი გამამართლებელი განაჩენის შემდეგ, დღეს პროკურატურაში იმყოფებოდნენ. როგორც ყოფილი მსჯავრდებულები აცხადებენ, მათ საგამოძიებო უწყების წარმომადგენლებს ხელახალი გამოძიებისა და დამდგარი შედეგის გამო მადლობა გადაუხადეს.

პოლიტპატიმრის სტატუსის მქონე ყოფილი მსჯავრდებულების ინფორმაციით, მათ წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაში ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნები მონაწილეობდნენ, რომელთა იდენტიფიცირება პროკურატურაში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში უკვე მოხდა და მათ შორის არის მეგის ქარდავა.

ე.წ. ყინწვისის საქმეზე ათი წლის შემდეგ სააპელაციო სასამართლომ ახალი გარემოებები შეისწავლა და გამამტყუნებელი განაჩენი გამამართლებლით შეცვალა. 24 გასამართლებულს უკვე მიენიჭა დაზარალებულის სტატუსი.

2011 წლის 26 მაისს ყინწვისის მონასტერთან 24 ადამიანი დააკავეს. დღეს უკვე ყოფილი მსჯავრდებულები, რომლებსაც სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას ედავებოდნენ, აცხადებენ, რომ წამებითა და იძულებით, მათ შორის, ოჯახის წევრებზე მუქარით აღიარებინეს არჩადენილი დანაშაული. საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა მათ მიმართ არაადამიანური მოპყრობის ფაქტი. ევროპულმა სასამართლომ მაშინ დაწერა, რომ წინა ხელისუფლების დროს, 2011 წელს გამოძიებამ არც ერთი საგამოძიებო მოქმედება სათანადოდ არ ჩაატარა. ახლა გამართლებულები იმ მაღალჩინოსნების დასჯას ითხოვენ, რომლებმაც მათი დაკავების საქმე დაგეგმეს.