ე.წ. უკვდავთა პოლკი აქცია-მსვლელობას მართავს
ე.წ. უკვდავთა პოლკი აქცია-მსვლელობას მართავს

სლოგანით „9 მაისი ფაშიზმზე გამარჯვების დღე“ რამდენიმე ორგანიზაცია, მათ შორის ე.წ. უკვდავთა პოლკი აქცია-მსვლელობას მართავს.

ე.წ. უკვდავთა პოლკის წარმომადგენელი გულბაათ რცხილაძე აცხადებს, რომ დღევანდელი მათი აქცია არაპოლიტიკურია.

„ჩვენი აქცია არის არაპოლიტიკური. ქართველებს ჰყავთ გმირები, უამრავი ადამიანი, ვინც შეეწირა ბოროტებასთან, ფაშიზმთან ბრძოლას. დღეს, 9 მაისი სამწუხაროდ ცოტა მივიწყებულია და ამ თარიღის გაცოცხლება გვინდა.

კითხვაზე, ფინანსდება თუ არა ე.წ. უკვდავთა პოლკი რუსეთიდან, გეტყვით, რომ ჩვენ სამწუხაროდ რუსეთი არ გვაფინანსებს, ჩვენ არავინ გვაფინანსებს. ჩვენ არც პუტინის ინტერესებს ვატარებთ. რაც შეეხება საბჭოთა სიმბოლიკას, მე ის მომწონს. ქვეყანა არის ფსიქოზის მდგომარეობაში, „პადოშას“ მიერ ინიცირებული კანონით ცხოვრობს ქვეყანა.

რაც შეეხება კითხვას, არის თუ არა რუსეთი ოკუპანტი, ეს კითხვა არაერთხელ დამისვეს, თქვენ ორიგინალური შეკითხვა გაქვთ? მე ვარ პოლიტოლოგიის დოქტორი და თუ შეიძლება სხვა დონის შეკითხვა დამისვით. ჟურნალისტები ერთი სექტა ხართ დაზეპირებული არაკვალიფიციური კითხვებით. რაც შეეხება აფხაზეთსა და სამაჩაბლოს, ის არის საქართველოს განუყოფელი ნაწილი. სხვა საკითხებზე სასაუბროდ თუ გსურთ ცალკე სხვა დროს ვისაუბროთ, დღეს არის დიდი ზეიმის დღე“, – განაცხადა ე.წ. უკვდავი პოლკის წარმომადგენელმა გულბაათ რცხილაძემ.