ე.წ. სერბთა რესპუბლიკის დეპუტატებმა ბოსნიის შეიარაღებული ძალებიდან, სასამართლო და საგადასახადო სისტემებიდან გამოყოფას მისცეს ხმა
ე.წ. სერბთა რესპუბლიკის დეპუტატებმა ბოსნიის შეიარაღებული ძალებიდან, სასამართლო და საგადასახადო სისტემებიდან გამოყოფას მისცეს ხმა

ბოსნია-ჰერცეგოვინის შემადგენლობაში არსებული ე.წ. სერბთა რესპუბლიკის სახალხო ასამბლეის (პარლამენტი) დეპუტატებმა ბოსნიის შეიარაღებული ძალებიდან, სასამართლო და საგადასახადო სისტემებიდან გამოყოფას მისცეს ხმა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

„ეს არის სერბთა რესპუბლიკის თავისუფლების მოპოვების მომენტი“, – ამის შესახებ ბოსნიელი სერბების მმართველი კოალიციის ლიდერმა, მილორად დოდიკმა განაცხადა.

ჩატარებული კენჭისყრის საბოლოო შედეგი ბოსნიის სახელმწიფო ინსტიტუტების დატოვების თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილება არ არის, რადგან ამ ნაბიჯის გადადგმა საბოლოოდ „სერბთა რესპუბლიკის“ პარლამენტის ზედა პალატამ უნდა დაამტკიცოს.

ასამბლეის დეპუტატებმა რეგიონულ მთავრობას მისცეს უფლება, იმუშაოს ახალ კანონებზე ჯარის, საგადასახადო და სასამართლო სისტემების თაობაზე, რომლებმაც ბოსნია-ჰერცეგოვინის საკანონმდებლო აქტები უნდა ჩაანაცვლოს.

„დეიტონის ხელშეკრულების“ მიხედვით, რომელმაც დაასრულა 1992-1995 წლებში მიმდინარე სამოქალაქო ომი, ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკამ, ბოსნია-ჰერცეგოვინამ ტერიტორიული მთლიანობა შეინარჩუნა, მაგრამ ორ ავტონომიურ რეგიონად – ე.წ. სერბთა რესპუბლიკად და ბოსნია-ჰერცეგოვინის ფედერაციად დაიყო, სადაც ბოსნიელი და ხორვატი მოსახლეობა დომინირებს, ხოლო „სერბთა რესპუბლიკაში“ ეთნიკურად სერბები არიან უმრავლესობაში.

მილორად დოდიკს, რომელიც ამჟამად ბოსნია-ჰერცეგოვინის სამმხრივი ეთნიკური საპრეზიდენტო საბჭოს სერბი წევრია, სურს ომის შემდგომი რეფორმების გაუქმება და 1995 წლის კონსტიტუციის დაბრუნება, სადაც სახელმწიფო მხოლოდ ძირითადი ინსტიტუტებით იქნება წარმოდგენილი, ხოლო ყველა უფლებამოსილება რეგიონებზე იქნება გადანაწილებული.