ე.წ. საზღვრის უკანონოდ კვეთის ბრალდებით დაკავებული ზაქრო ბუთხუზი კვლავ ცხინვალის იზოლატორში რჩება

12:32, 07.11.2019

რუსი სამხედროების მიერ უკანონოდ დაკავებული 28 წლის მამაკაცის ოჯახს ოკუპირებული ცხინვალიდან ამ დრომდე არავინ დაკავშირებია.

ოჯახს დაკავებულის შესახებ არანაირი დამატებითი ინფორმაცია არ აქვს. 28 წლის ზაქრო ბუთხუზი საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს გაიტაცეს, სადაც ძმასთან ერთად იმყოფებოდა. ძმამ გაქცევა შეძლო. გატაცების დეტალებს პირველ არხთან ბუთხუზი დეიდა ყვება.

„იქ ვენახებია და ძმასთან ერთად ვენახში იყო. ორი რუსი შეიარაღებული პირი იქვე ყოფილა ჩასაფრებული. ძმამ გამოქცევა მოახერხა. შეიარაღებულებმა კარგა ხანს სდიეს. უყვიროდნენ გესვრითო, მაგრამ ძმამ მოახერხა გაქცევა და ზაქრო დაიჭირეს. ეს ბაღები ყოველთვის სოფლის ტერიტორია იყო, იქ ყურძენი მოგვყავს. იჩემებდნენ, რომ ეს ადგილიც მათი იყო. იქ არც მავთულხლართებია და არც არაფერი. ცხინვალიდან არავითარი ინფორმაცია არ მიგვიღია. ვერაფერს გეტყვით დამატებით“, – განაცხადა მანანა ბაზანდარაშვილმა.

ზაქრო ბუთხუზის ეს უკანონო დაკავების მეორე შემთხვევაა. ის ე.წ. საზღვრის კვეთის ბრალდებით ოთხი წლის წინაც იყო დაკავებული.

მსგავსი