ე.წ. ქუჩურ გარჩევებთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირება ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდება
ე.წ. ქუჩურ გარჩევებთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირება ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდება

ე.წ. ქუჩურ გარჩევებთან დაკავშირებით „სისხლის სამართლის კოდექსში“ მომზადებული ცვლილებების ინიცირება საქართველოს პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდება. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტი პარლამენტს უკვე წარედგინა.

ცვლილებების მიხედვით, წინასწარი შეცნობით დავის უკანონო განხილვის/გადაწყვეტის მიზნით, შეკრებაში მონაწილეობა, რასაც ახლავს შეკრების მონაწილის მხრიდან ძალადობა, იძულება ან ძალადობის, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის გახმაურების, ქონების განადგურების მუქარა ან წინასწარი შეცნობით ამ ნაწილით გათვალისწინებულ შეკრებაში პასიური მონაწილეობა, რაც ქმნის შეკრებისას ძალადობის, იძულების ან ძალადობის, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის გახმაურების, ქონების განადგურების მუქარის განხორციელების აშკარა, პირდაპირ და რეალურ საფრთხეს, ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით, ვადით 120-დან 180 საათამდე, ან შინაპატიმრობით, ვადით ერთ წლამდე, ან თავისუფლების აღკვეთით, ვადით ორ წლამდე, ამ იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

გარდა ამისა, პროექტის მიხედვით, დავის უკანონო განხილვის/გადაწყვეტის მიზნით, იმგვარი შეკრების ორგანიზება, რასაც ახლავს ძალადობა, იძულება ან ძალადობის, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის გახმაურების, ქონების განადგურების მუქარა, ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით, ვადით 180-დან 240 საათამდე, ან შინაპატიმრობით ვადით სამ წლამდე, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

კანონპროექტით კონკრეტდება, რომ თუ აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული ქმედება ჩადენილია: ცეცხლსასროლი იარაღის ან იარაღად სხვა საგნის გამოყენებით, არაერთგზის, ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით, ვადით 200-დან 400 საათამდე, ან თავისუფლების აღკვეთით, ვადით სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

ამასთან, ინიციატივის თანახმად, სრულწლოვნის მიერ არასრულწლოვნის დაყოლიება ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შეკრებაში მონაწილეობაზე, ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით, ვადით 200-დან 400 საათამდე, ან თავისუფლების აღკვეთით, ვადით სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

კანონპროექტში შენიშვნის სახით აღნიშნულია, რომ ის, ვინც ჩაიდენს ამ მუხლით გათვალისწინებულ ქმედებას, თავისუფლდება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან, თუ მან ამის თაობაზე ნებაყოფლობით განუცხადა სისხლის სამართლის პროცესის მწარმოებელ ორგანოს, ხელი შეუწყო დანაშაულის გახსნას და მის ქმედებაში არ არის სხვა დანაშაული.