ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე ელისო კილაძეს, ოთარ ფარცხალაძეს და მათთან ერთად ბრალდებულ სხვა პირებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ
თბილისის საქალაქო სასამართლომ ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე ელისო კილაძეს, ოთარ ფარცხალაძეს და მათთან ერთად ბრალდებულ სხვა პირებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში დახურულ რეჟიმში გაიმართა.
როგორც პროკურორმა, მარიამ ბერძენიშვილმა განაცხადა, გამოძიება ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
„არის საკმაოდ კომპლექსური ხასიათის ტრანსნაციონალური დანაშაული, იკვეთება არაერთი პირი, ფიგურირებს არაერთი პირი. მოწმეები მათ მიერ დაფიქსირებულ გამოკითხვის ოქმებში, მოწოდებულ ინფორმაციაში საუბრობენ ბევრ გარემოებაზე. შესაბამისად, იმისთვის, რომ მათი პირადი და ოჯახის წევრების უსაფრთხოება ამ ეტაპისთვის იყოს დაცული და არ გამჟღავნდეს გარკვეული დეტალები, რასაც ისინი გამოკითხვის ოქმში უთითებენ, ბრალდების მხარემ მიიჩნია, რომ ამ ეტაპზე პროცესის დახურვა იყო აუცილებელი.
რაც შეეხება ელისო კილაძის განცხადებას, რომ არ იცნობს სხვა ბრალდებულებს, კორექტირებას შევიტან, რომ გივი ჯიბლაძესთან, გიორგი კამლაძესთან, ბენ ანორთან, თორნიკე ჯანელიძესთან მას დიდი ხნის ნაცნობობა აკავშირებს და ამას არც თვითონ უარყოფდა. მან დაადასტურა დავით მიქაძესა და ირაკლი სეხნიაშვილთან ახლო მეგობრობა. ასევე დაადასტურა, რომ გიორგი მიქაძეს იცნობს, მხოლოდ განმარტა, რომ ოთარ რომანოვ-ფარცხალაძეს არ იცნობს“, – განაცხადა პროკურორმა.
ამასთან, ელისო კილაძის ადვოკატის, ვალერი გელბახიანის თქმით, ჯერ არ გასცნობია მასალას და დეტალურად ვერ ისაუბრებს.
„აღკვეთის ღონისძიებას ორი საფუძველი აქვს, ერთი არის ფორმალური, ანუ ის ნიშნები, რომ სასამართლოს არ მიემალება, გამოძიებაზე გამოცხადდება, რომ არ ჩაიდენს ახალ დანაშაულს, არ შეუშლის ხელს განაჩენის აღსრულებას, ეს არის ფორმალური საფუძვლები. არ წამიკითხავს ჯერ არცერთი მასალა. მე ვერაფერს გეტყვით. ელისო კილაძემ თქვა, რომ გივი ჯიბლაძეს მის მიმართ აქვს პირადი ინტერესი, ეს გამოგონილია იმისთვის, რომ აიცილოს პასუხისმგებლობა და ეს პასუხისმგებლობა დააკისროს ელისო კილაძეს. ფაქტობრივად, ამ მოცემულობის წინაშე ვართ“, – განაცხადა ადვოკატმა.
ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ ე.წ. ქოლცენტრებთან დაკავშირებით ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობის და ფულის გათეთრების ბრალდებით ათი პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. საქართველოს პროკურატურამ ე.წ. ქოლცენტრების, თაღლითობისა და ფულის გათეთრების საქმეზე ოთარ ფარცხალაძეს ბრალი წარუდგინა, ამავე საქმეზე დაკავებულია „ქრონიკა +“-ის დამფუძნებელი ელისო კილაძე. ოთარ ფარცხალაძის, გიორგი მიქაძის, დავით მიქაძის, ირაკლი სეხნიაშვილის, მიხეილ ჩოხელის, ელისო კილაძის, გივი ჯიბლაძის, ბენ ანორის, თორნიკე ჯანელიძის და გიორგი კამლაძის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე და 194-ე მუხლებით გამოტანილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.