სააკაშვილი-ჯანაშიას მიერ ბიუჯეტის თანხის გაფლანგვის საქმეზე მორიგი პროცესი 18 აპრილს გაიმართება
სააკაშვილი-ჯანაშიას მიერ ბიუჯეტის თანხის გაფლანგვის საქმეზე მორიგი პროცესი 18 აპრილს გაიმართება

თბილისის საქალაქო სასამართლოში ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსის თემურ ჯანაშიას სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი თანხის გაფლანგვის საქმეზე მორიგი სხდომა გაიმართა.

პროცესზე ბრალდების მხარის ერთი მოწმე, მთავარი აუდიტორი ნოდარ ვეკუა დაიკითხა.

მოწმემ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მიერ 2009 წლიდან 2013 წლამდე გაწეულ ხარჯებზე ისაუბრა. როგორც აუდიტორმა აღნიშნა, განკარგულებები საბიუჯეტო კანონმდებლობის დარღვევებით იყო გამოცემული.

აუდიტორის დასკვნაში ასახული იყო მიხეილ სააკაშვილის მიერ ლონდონში ტანსაცმლის შეძენის, ნიუ იორკში ჩატარებული კოსმეტიკური პროცედურების ხარჯები და შვილის სწავლაზე დახარჯული თანხა.

„აშშ-ის ქალაქ ნიუ-იორკში დასვენებისთვის 2009 წლის 25 სექტემბერს, 9442 ლარი იქნა გაწეული სამედიცინო ხარჯი, კოსმეტიკური ეპილაცია 2730 დოლარი, სახის გამაახალგაზრდავებელი მჟავის ინექციის შეყვანა 1500 დოლარი, გაახალგაზრდავების ლაზერული მკურნალობისთვის სხვადასხვა პროცედურა 600 დოლარი. დასახელებულია კრემი შესაბამისი თანხით. ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემია თბილისში, ფიზიკური პირი ედუარდ სააკაშვილისთვის სწავლის ღირებულების ასანაზღაურებლად გაწეულია 7 ათასი დოლარი. დიდი ბრიტანეთის ქალაქი ლონდონში სხვადასხვა ტანსაცმელზე გაწეული 56 ათასი ლარი. სასტუმროში მიხეილ სააკაშვილის, სანდრა რულოვსის, ედუარდ რულოვსის, ედუარდ სააკაშვილის სასტუმრო მომსახურების ხარჯები 36 990 ლარი”, – განაცხადა ნოდარ ვეკუამ.

პროკურორის ქეთევან ჩაჩავას თქმით, მოწმემ ნათლად დაადასტურა, რომ სააკაშვილმა და ჯანაშიამ ბიუჯეტის კუთვნილი 9 მილიონი ლარი გაფლანგეს, რაც არამიზნობრივ ხარჯებში აისახება.

დაცვის მხარე კი ამბობს, რომ აღნიშნულმა მოწმემ არაფერი თქვა ისეთი, რაც ჯანაშია-სააკაშვილის ბრალეულობას დაადასტურებს.

საქმეზე მორიგი სხდომა 18 აპრილს გაიმართება.

პროკურატურა ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილ უფროს თემურ ჯანაშიას სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი თანხის გაფლანგვას ედავება.