ე.წ. მოლოტოვის კოქტეილების საქმეზე დაკავებულის აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს
ე.წ. მოლოტოვის კოქტეილების საქმეზე დაკავებულის აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს

საპროტესტო აქციაზე გამოყენების მიზნით, ე.წ. მოლოტოვის კოქტეილების საქმეზე დაკავებულ გ.წ.-ის აღკვეთის ღონისძიებაზე თბილისის საქალაქო სასამართლო დღეს იმსჯელებს.

სხდომა 14:00 საათზეა ჩანიშნული. პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას და მასში მონაწილეობას გულისხმობს, ე.წ. მოლოტოვის კოქტეილების დამზადების ფაქტზე ერთი პირი დააკავა.

გამოძიების ინფორმაციით, ჩატარდა ჩხრეკა, რა დროსაც გ.წ.-ის სახლის ეზოდან კუსტარული წესით დამზადებული, ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის 12 ბოთლი და მისი დამზადებისთვის საჭირო მასალები ამოიღეს.

შსს-ს ცნობით, პოლიციამ გ.წ. იმ დროს დააკავა, როდესაც იგი აღნიშნული ასაფეთქებელი მასალების პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე გამოყენებას გეგმავდა.

ამასთან,  ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის ან მასში მონაწილეობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, გამოკითხვაზე დაიბარეს ოპოზიციის სამი ლიდერი, ირაკლი ოქრუაშვილი, გიგი უგულავა და ნიკა მელია. მათ შსს-ში დაკითხვაზე უარი თქვეს და მაგისტრი მოსამართლის პირობებში გამოიკითხებიან, თუმცა გამოკითხვის დრო ჯერ ცნობილი არ არის.