ე.წ. ფოტორეპორტიორების საქმეზე სააპელაციო სასამართლოში განაჩენი შესაძლოა, ხვალ გამოცხადდეს
ე.წ. ფოტორეპორტიორების საქმეზე სააპელაციო სასამართლოში განაჩენი შესაძლოა, ხვალ გამოცხადდეს

თბილისის სააპელაციო სასამართლოში ე.წ. ფოტორეპორტიორების საქმის გადასინჯვის ფარგლებში განაჩენი შესაძლოა ხვალ გამოცხადდეს. საქმის განხილვა დასკვნით ეტაპს მიუახლოვდა. 2011 წელს დაკავებული და შემდეგ გათავისუფლებული ფოტორეპორტიორების – ნათია და ირაკლი გედენიძეების, ზურაბ ქურციკიძისა და გიორგი აბდალაძის საქმეზე პროკურატურა გამამტყუნებელი განაჩენის გამამართლებელი განაჩენით შეცვლას ითხოვს.

სააპელაციო სასამართლო 2011 წლის საქალაქო სასამართლოს განაჩენს განიხილავს, რომლის მიხედვით, ფოტორეპორტიორები ირაკლი და ნათია გედენიძეები, ზურაბ ქურციკიძე და გია აბდალაძე ჯაშუშობის ბრალდებით, დამნაშავედ სცნეს.

მთავარი პროკურატურა სააპელაციო სასამართლოში ფოტოგრაფების მიმართ შვიდი წლის წინ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის შეცვლას ითხოვს. როგორც უწყებაში აცხადებენ, საქმეზე ხელახალი გამოძიება ჩატარდა, დაიკითხნენ მოწმეები და დადასტურდა, რომ 2011 წელს ფოტორეპორტიორები ჯაშუშობის გამოგონილი ბრალდებით დააკავეს. პროკურატურამ საქმე 2016 წლის ივნისში გახსნა. სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე კონტრდაზვერვის ყოფილი უფროსის ყოფილი მოადგილე დავით დევნოზაშვილია მსჯავრდებული. ასევე, დაუსწრებლად შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა გლდანის მე-8 პენიტენციური დაწესებულების ყოფილ დირექტორს, ალექსანდრე მუხაძეს.