ე.წ. დეზერტირების ბაზრის ტერიტორიაზე, რომელიც საბითუმო ვაჭრობისთვის გაიხსნა, მოვაჭრეები საცალო საქმიანობის დაშვებასაც ითხოვენ
ე.წ. დეზერტირების ბაზრის ტერიტორიაზე, რომელიც საბითუმო ვაჭრობისთვის გაიხსნა, მოვაჭრეები საცალო საქმიანობის დაშვებასაც ითხოვენ

ყოფილი ე.წ. დეზერტირების ბაზრის ტერიტორიაზე საბითუმო ვაჭრობა უკვე დაშვებულია. დილიდან ბაზარში ხალხმრავლობაა, თუმცა სავაჭრო ადმინისტრაციის წარმომადგენლები ადგილზე მოქალაქეების დისტანციის დაცვას უზრუნველყოფენ. ამასთან, ტერიტორიაზე შემსვლელ მანქანებსა და სხვა საჭირო ტექნიკას დეზინფექცია უტარდება.

როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, მოვაჭრეები რეკომენდაციების შესაბამისად, აღჭურვილი არიან პირბადეებით, ხელთათმანებითა და ხალათებით, ასევე  აქვთ სადეზინფექციო ხსნარები. როგორც ადმინისტრაციაში აცხადებენ, სადეზინფექციო სამუშაოები დღეში სამჯერ ხორციელდება.

ამასთან, ტერიტორიაზე ჯერ მხოლოდ საბითუმო ვაჭრობაა ნებადართული, რის გამოც დილიდან მცირე ხმაური იყო. უკმაყოფილება საცალო ბაზრობის მოვაჭრეებმა გამოთქვეს, რომლებსაც ამისთვის განკუთვნილი ტერიტორიის კარი დახურული დახვდათ. ისინი ვაჭრობის უფლებას მოითხოვენ და აცხადებენ, რომ მზად არიან, ყველა რეკომენდაცია მაქსიმალურად დაიცვან. ადგილზე საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ.

აგრარული ბაზრობა, რომელიც ე.წ. დეზერტირების ბაზრობის ტერიტორიაზე ორსართულიან შენობაში მდებარეობს, შპს „თბილისის მოლს“ ეკუთვნის. ბაზრობის ადმინისტრაცია განმარტავს, რომ ამ ეტაპზე ობიექტი მხოლოდ საბითუმო ვაჭრობაზეა ორიენტირებული.

„ჩვენს მფლობელობაში არსებულ ტერიტორიაზე განთავსებული აგრარული ბაზარი მთლიანად არის საბითუმო ვაჭრობის კონტექსტი. შესაბამისად, დაცულია ყველა ნორმა, რომელიც დაგვიდგინა სურსათის ეროვნულმა სააგენტომ. იქიდან გამომდინარე, რომ გამკაცრებულია და შეზღუდულია იმ რაოდენობის ადამიანების შეშვება ბაზრის ტერიტორიაზე, რომელიც შეიძლება, საცალო ვაჭრობის აღდგენის პირობებში მოხდეს, თავის დაზღვევის მიზნით, რათა არ გავრცელდეს დაავადება და სრულად დავიცვათ სახელმწიფოს მიერ დადგენილი ნორმები, ამ ეტაპზე ჩვენი კონცეფციის მიმართულებით ვრჩებით მხოლოდ საბითუმო ვაჭრობაზე ორიენტირებული“, – განაცხადა შპს „თბილისი მოლის“ წარმომადგენელმა, ნათია მიქიაშვილმა.

კითხვაზე, თუ როდის განახლდება საცალო ვაჭრობა, ნათია მიქიაშვილმა საქართველოს პირველ არხთან განაცხადა, რომ ეს დამოკიდებულია ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაზე.

„როგორც კი ამის საშუალებას მოგვცემს ციფრები, რომელიც ვლინდება დაავადების გავრცელების თვალსაზრისით, ანუ ე.წ. პიკი როგორც კი გადაივლის და ასეთი ტიპის შეზღუდვები მოიხსნება. იგივე დიდი სუპერმარკეტებიც ერიდებიან დიდი რაოდენობის ხალხის შეშვებას ტერიტორიაზე, არის რიგები და ა.შ. არის საფრთხე, რომ ბაზრის ტერიტორიაზე ვერ მოხერხდეს მყიდველსა და გამყიდველს შორის ასეთი ტიპის უსაფრთხოების ნორმების დაცვა და აქედან გამომდინარე, როგორც კი რეალურად გვექნება შესაძლებლობა ციფრების მიხედვით, რომ გაიხსნას საცალო ვაჭრობა, ბუნებრივია გაიხსნება. მუდმივი კომუნიკაცია არსებობს ბაზრის ადმინისტრაციასა და მოვაჭრეებს შორის, თუმცა ვიტყვი, რომ ყოფილი ე.წ. დეზერტირების ბაზარი თავისი პროფილით გახლავთ საბითუმო აგრარული ბაზარი“, – განაცხადა ნათია მიქიაშვილმა.