ე.წ. ციანიდის საქმეზე ბრალდებული გიორგი მამალაძე და მისი ადვოკატები გაუთქმელობის ვალდებულების ნორმის შეცვლას ითხოვენ
ე.წ. ციანიდის საქმეზე ბრალდებული გიორგი მამალაძე და მისი ადვოკატები გაუთქმელობის ვალდებულების ნორმის შეცვლას ითხოვენ

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში ე.წ. ციანიდის საქმეზე განმწესრიგებელი სხდომა მიმდინარეობს, სადაც საქმეში ბრალდებული გიორგი მამალაძე და მისი ადვოკატები გაუთქმელობის ვალდებულების ნორმის შეცვლას ითხოვენ. საკონსტიტუციო სასამართლო იმსჯელებს, მიიღებს თუ არა წარმოებაში სარჩელს სახელწოდებით „საქართველოს მოქალაქეები – გიორგი მამალაძე, გიორგი ფანცულაია და მია ზოიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“.

მოსარჩელე სისხლის სამართლის კოდექსისა და პატიმრობის კოდექსის რამდენიმე მუხლს ასაჩივრებს, მათ შორის მთავარი ე.წ. „გაუთქმელობის“ ვალდებულების მუხლია. კონსტიტუციურ სარჩელში სადავოდ გამხდარი ნორმები ადგენს გამომძიებლის პროკურორის უფლებამოსილებას, სისხლის სამართლის პროცესის მონაწილეებს აუკრძალოს გამოძიების მიმდინარეობის შესახებ მონაცემების გახმაურება, ხოლო გაფრთხილებული პირის მიერ ხსენებული მონაცემების გამჟღავნება იწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას.

დეკანოზის ადვოკატის განცხადებით, სწორედ სადავო ნორმების ბუნდოვანებამ არ მისცა მათ სრულყოფილი დაცვის განხორციელების საშუალება.

„ჩვენ დაცვის უფლება სასამართლო დარბაზშივე შეგვეზღუდა რამდენიმე მიმართულებით, ვერ მოვიპოვეთ მტკიცებულებები, გაუთქმელობის ვალდებულებიდან გამომდინარე ვერ ჩავატარეთ მოწმეთა გამოკითხვები, ვერ დავნიშნეთ კერძო ექსპერტიზები და ასე შემდეგ, ვერ მოვახერხეთ დაცვა დეკანოზის, მაშინ როდესაც ხდებოდა მისი საჯარო დისკრედიტაცია. შესაბამისად, ვითხოვთ, რომ ეს ნორმა არ უნდა იყოს ამ ფორმით, როდის იწყება გაუთქმელობის ვალდებულება და როდის მთავრდება, ბუნდოვანია და პროკურატურას აძლევს ინტერპრეტაციის საშუალებას“, – განაცხადა დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატმა გიორგი ფანცულაიამ.

მოსარჩელე მხარე დღევანდელ განმწესრიგებელ სხდომაზევე დააყენებს საკითხს, სასამართლოს განხილვის დაწყებამდე შეჩერდეს სადავო ნორმების მოქმედება.

საქმეს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია განიხილავს.