ე.წ. ჩაწყობილი თამაშების საქმეზე დაკავებული თემურ დათიკაშვილი გულის შეტევით საავადმყოფოში გადაიყვანეს
ე.წ. ჩაწყობილი თამაშების საქმეზე დაკავებული თემურ დათიკაშვილი გულის შეტევით საავადმყოფოში გადაიყვანეს

კალათბურთში ე.წ. ჩაწყობილი თამაშების საქმეზე დაკავებული თემურ დათიკაშვილი გულის შეტევით ღუდუშაურის სახელობის ეროვნულ სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს.

როგორც „პირველ არხთან“ საუბარში დაკავებულის ადვოკატი თამარ აბესაძე აცხადებს, დათიკაშვილი ამ დროისათვის ღუდუშაურის სახელობის ეროვნულ სამედიცინო ცენტრშია და მას ოპერაცია უტარდება. ამ დროისათვის მეტი ინფორმაცია ცნობილი არ არის.

„საოპერაციოში იმყოფება, არ ვიცი, ორივე ექიმი შესულია, ოპერაციას უტარებენ, რატომ, ჯერ არ ვიცით“, – განაცხადა ადვოკატმა თამარ აბესაძემ.

ე.წ. ჩაწყობილი თამაშების საქმეზე კალათბურთის მსაჯები და საკალათბურთო კლუბ „სოხუმის“ მწვრთნელები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა რამდენიმე კვირის წინ დააკავა.

საერთო ჯამში, ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე აყვანილია ხუთი პირი. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე საერთაშორისო კატეგორიის მსაჯები – ზაზა მაჩალაძე, ირაკლი ბერიშვილი და დავით ბერიშვილი, ასევე საკალათბურთო კლუბ „სოხუმის“ მწვრთნელი ვაჟა კვარაცხელია და ამავე კლუბის თანამფლობელი – თემურ დათიკაშვილი დააკავეს.

გამოძიების ინფორმაციით, რამდენიმე მატჩის ჩაწყობის შედეგად ბრალდებულებმა ჯამში 36 ათასი ლარი მიიღეს. დაკავებულებიდან ირაკლი და დავით ბერიშვილებმა ბრალი აღიარეს და გამოძიებასთან თანამშრომლობენ. მათ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო, ხოლო დანარჩენ სამ ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა.