ე.წ. ჩაწყობილი თამაშების საქმეზე დაკავებულებისთვის ბრალის წარდგენის პროცედურა მიმდინარეობს
ე.წ. მოდულის შენობაში ე.წ. ჩაწყობილი თამაშების საქმეზე დაკავებული მწვრთნელებისა და მსაჯებისთვის ბრალის წარდგენის პროცედურა მიმდინარეობს.
ირაკლი და დავით ბერიშვილების ადვოკატის, იასონ ბესელიას განცხადებით, ისინი წარდგენილ ბრალდებას აღიარებენ.
„ისინი აღიარებენ ქმედებების გარკვეულ თანმიმდევრობას, თანხების რაოდენობაზე არ შემიძლია ვთქვა, საქმეში, სავარაუდოდ, არაერთი ადამიანი ფიგურირებდა და ყველას ჰქონდა თავისი ფინანსური ინტერესი. სავარაუდო დანაშაული დაკავშირებული იყო ფინანსურ ინტერესთან. ეს ადამიანები საკალათბურთო სამყაროდან არიან“, – აცხადებს ადვოკატი იასონ ბესელია.
რაც შეეხება საკალათბურთო კლუბ „სოხუმის“ მწვრთნელს, ვაჟა კვარაცხელიას და ამავე კლუბის თანადამფუძნებელს თემურ დათიკაშვილს, ისინი ბრალს არ აღიარებენ.
ადვოკატ თამარ აბესაძის განცხადებით, ადგილი ჰქონდა დანაშაულის პროვოცირებას. გამოძიება სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე, სავარაუდოდ, დღესვე, ბრალის წარდგენის პროცედურის დასრულების შემდეგ მიმართავს.
ე.წ. ჩაწყობილი თამაშების საქმეზე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ხუთი პირი დააკავეს.
ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე დაკავებულნი არიან საერთაშორისო კატეგორიის მსაჯები – ზაზა მაჩალაძე, ირაკლი ბერიშვილი და დავით ბერიშვილი, ასევე საკალათბურთო კლუბ „სოხუმი“-ს მწვრთნელი ვაჟა კვარაცხელია და ამავე კლუბის თანამფლობელი – თემურ დათიკაშვილი.
გამოძიება ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ის 221-ე მუხლის მეოთხე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს 4 დან 6 წლამდე ვადით.