ე.წ. ციანიდის საქმეზე სააპელაციო სასამართლოში პირველი სხდომა 6 დეკემბერს ჩაინიშნა
ე.წ. ციანიდის საქმეზე სააპელაციო სასამართლოში პირველი სხდომა 6 დეკემბერს ჩაინიშნა

ე.წ. ციანიდის საქმეზე სააპელაციო სასამართლოში პირველი სხდომა 6 დეკემბერს ჩაინიშნა. პროცესი 12:00 საათზე დაიწყება. ამის შესახებ პირველ არხს დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატმა გიორგი ფანცულაიამ აცნობა.

სააპელაციო სასამართლოში საქალაქოს გადაწყვეტილება როგორც დაცვის, ასევე ბრალდების მხარემ გაასაჩივრა. დაცვის მხარე გამამტყუნებელი განაჩენის გამამართლებლით შეცვლას, ბრალდების მხარე კი ითხოვს, რომ დეკანოზი დამნაშავედ ცნონ მკვლელობის ანგრების მოტივით მომზადებაში. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, მათ მიერ წარდგენილი ბრალი გადაკვალიფიცირდა შურისძიების მოტივით მკვლელობის მომზადებაში. 


ასევე ცნობილია მოსამართლეთა კოლეგია, რომელიც სააპელაციო სასამართლოში ე.წ ციანიდის საქმეს განიხილავს. კოლეგიაში შედიან – ნათია ბარბაქაძე, მურმან ისაევი და მანუჩარ კაპანაძე.

როგორც გიორგი ფანცულაიამ განაცხადა, პირველ სხდომას დეკანოზიც დაესწრება.

თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ ციანიდის საქმეზე განაჩენი მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა გამოაცხადა. განაჩენის მიხედვით, დეკანოზ გიორგი მამალაძეს ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

გამოძიების ინფორმაციით, დეკანოზს ბრალად ედებოდა პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის განზრახ მკვლელობის მომზადება, ანგარების მოტივით. ასევე, იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა. სასამართლომ კი ანგარებით მკვლელობის მომზადება – შურისძიების მიზნით განზრახ მკვლელობით გადაუკვალიფიცირა