ე​ლექტრომობილების მფლობელები აჭარის მთავრობის სახლთან აქციას მართავენ
ე​ლექტრომობილების მფლობელები აჭარის მთავრობის სახლთან აქციას მართავენ

ე​ლექტრომობილებისა და კვადროციკლების მფლობელები ბათუმში მეორე დღეა საპროტესტო აქციას მართავენ.

მათ დღეს მსვლელობა ბათუმის ბულვარიდან აჭარის მთავრობის სახლამდე მოაწყეს და 50-მდე ელექტრომობილი მთავრობის ადმინისტრაციასთან გააჩერეს.

აქციის მონაწილეები პირველი მაისიდან ბათუმის ბულვარში ელექტრომობილებით მოძრაობის აკრძალვის შესახებ საკრებულოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ. ისინი შეზღუდვების წინააღმდეგ არ გამოდიან, თუმცა მოითხოვენ 1500 ელექტრომობილიდან 300-ს მიეცეს ბულვარში მოძრაობის უფლება, რადგან მათი განცხადებით, 250-მდე პირი, რომელიც ბულვარში კვადროციკლებს აქირავებდა, შემოსავლის გარეშე რჩება.

„საკრებულომ უნდა შეცვალოს გადაწყვეტილება, 250-მდე ადამიანი რჩება უშემოსავლოდ, მათ სოციალურ მდგომარეობაზე არავინ ფიქრობს“, – აცხადებს უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძე.

აქციის მონაწილეები აჭარის მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრას ითხოვენ. ისინი მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში აქციების გაგრძელებას აანონსებენ.

დატოვე კომენტარი