ძველი სტუდქალაქის ტერიტორიაზე ხანძრის შედეგად დაზარალებულებს დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფენ
ძველი სტუდქალაქის ტერიტორიაზე ხანძრის შედეგად დაზარალებულებს დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფენ

თბილისში, ვაკეში, ჭავჭავაძის #37-ში, ძველი სტუდქალაქის ტერიტორიაზე ხანძრის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას დროებითი საცხოვრებლით ვაკის გამგეობა უზრუნველყოფს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის საკრებულოს დეპუტატმა ჯაბა ჯიშკარიანმა განუცხადა.

მისი თქმით, ხანძრის მიზეზი ამ დროისთვის უცნობია და გამოძიება დაადგენს.

„ცეცხლი ლოკალიზებული და მისი გავრცელების საშიშროება არ არის. ამ დროისთვის მიმდინარეობს ადგილობრივი კერების განადგურება. რაც შეეხება მოსახლეობას, აქ იმყოფებიან გამგეობის თანამშრომლები და ისინი უზრუნველყოფენ ამ მოსახლეობა დროებითი ღამის გასათევი ადგილით“, – განაცხადა ჯაბა ჯიშკარიანმა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს წარმომადგენლის, მამუკა ყირიმელის განცხადებით, ადგილზე ექვსი სახანძრო ჯგუფი მუშაობდა.

მისი თქმით, ცეცხლი დახლოებით 70 კვ.მ ფართობზე გავრცელდა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

ძველი სტუდქალაქის ტერიტორიაზე ხანძარი გვიან ღამით გაჩნდა.