ძველი ქუთაისის რეაბილიტირებული ნაწილის გაფართოება იგეგმება
ძველი ქუთაისის რეაბილიტირებული ნაწილის გაფართოება იგეგმება

ქუთაისში მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები იწყება. მათ შორისაა ქუთაისის ისტორიული უბნის (რიონის სანაპიროს მონაკვეთის) რეაბილიტაცია და დავით კაკაბაძის სახელობის სახვითი ხელოვნების გალერეის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია. ინფორმაციას მუნიციპალური განვითარების ფონდი ავრცელებს.

ფონდის ცნობით, პროექტი ითვალისწინებს ძველი ქუთაისის რეაბილიტირებული ნაწილის გაფართოებას და რიონის კალაპოტში ისტორიული უბნის რეაბილიტაციას.

მუნიციპალური განვითარების ფონდის ცნობით, კერძოდ, სანაპიროზე განლაგებული, XIX საუკუნის საცხოვრებელი სახლებისა და საზოგადოებრივი დანიშნულების ნაგებობების რეაბილიტაციას. რომლის შედეგადაც საცხოვრებელ სახლებს დაუბრუნდეთ პირვანდელი იერსახე, შეიქმნება კომერციული დანიშნულების ფართები, სადაც განთავსდება გასართობი დაწესებულებები, რაც ვიზიტორებს მისცემს შესაძლებლობას დაათვალიერონ რიონის ულამაზესი ხედები და მიუახლოვდნენ ქალაქ ქუთაისის კიდევ ერთ მნიშვნელოვან დამახასიათებელ ნაწილს-თეთრ ქვებს. პროექტი განხორციელება ქალაქ ქუთაისს მისცემს შესაძლებლობას შეიძინოს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ტურისტული ატრაქცია, ხაზი გაუსვას ქალაქის უნიკალურ ხასიათს და წარმოაჩინოს მე-19 საუკუნის არქიტექტურა.

პროექტში ასევე გათვალისწინებულია, „წითელი ხიდიდან“ „ჯაჭვის ხიდამდე“ მდინარე რიონის მხარეს საფეხმავლო ბილიკის მოწყობა, რომელიც დაუკავშირდება საცხოვრებელი და საზოგადოებრივ ობიექტებს. ამ ეტაპზე საპროექტო წინადადება მოიცავს მდინარე რიონის ორივე სანაპიროს საცხოვრებელი სტრუქტურის რეაბილიტაციას „წითელი ხიდიდან“ „ჯაჭვის ხიდის“ ჩათვლით.

პროექტით გათვალისწინებულია ასევე, დავით კაკაბაძის სახელობის სახვითი ხელოვნების გალერეის რეკონსტრუქცია რეაბილიტაცია. სახვითი ხელოვნების გალერეას მინიჭებული აქვს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი. გალერეა 1976 წლის 27 აპრილს დაარსდა.

მუზეუმში დაცულია ფერწერული, გრაფიკული, სკულპტურული, გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები. სულ ოქროს ფონდში დღესდღეობით 3000-მდე ექსპონატი ინახება. აქედან 800 ერთეული არის ფერწერა, 2000-მდე არის გრაფიკა, 250-მდე ქანდაკება, დანარჩენი კი გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშებს წარმოადგენს. შენობა ორსართულიანია და წარმოადგენს კლასიკური ტიპის ნაგებობას, დამახასიათებელი თაღოვანი ფორმებითა და ფასადზე მოწყობილი არქიტექტურული ელემენტებით.

საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მოსამზადებლად ტენდერის გამოცხადების სავარაუდოდ თვის ბოლომდე გამოცხადდება.