ე.წ. ხოფის ბაზრობის დაბრუნების მოთხოვნით ბათუმში აქცია გამართეს
ე.წ. ხოფის ბაზრობის დაბრუნების მოთხოვნით ბათუმში აქცია გამართეს

აჭარის უმაღლეს საბჭოსთან საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციას, უკვე მეორედ, ძმები ანანიძეები მართავენ, რომლებიც ქალაქის ცენტრალური ბაზრობის, ე.წ. ხოფის ბაზრობის საკუთრებაში დაბრუნებას ითხოვენ.

ძმები ანანიძეების თქმით, წინა ხელისუფლების დროს, 2009 წელს მათ მიერ დაარსებული ბაზრობა მუქარითა და დაშინებით წაართვეს, მას შემდეგ კი, უშედეგოდ ცდილობენ მის დაბრუნებას. ანანიძეები მთავრობისგან დახმარებას ითხოვენ.

„2009 წელს პროკურატურამ გვაიძულა, რომ ჩვენ მიერ დაფუძნებული ბაზრობა სახელმწიფოსთვის გვეჩუქებინა, მერიამ მაშინ გამოიტანა დადგენილება, რომ, თითქოს, კანონდარღვევით აშენდა ბაზრობა. გადაცემაზე უარი ვთქვი, ამის გამო, ცხრა წელი მიუსაჯეს ჩემს ძმას, ჩვენი დევნა დაიწყო, რადგან ოპოზიციაში, ეროვნულ ფორუმში ვიყავი, შემდეგ მუქარით მომაწერინეს ხელი და ბაზრობა გადავეცი სახელმწიფოს. ჩვენ ვფლობდით 51 პროცენტს, ვითხოვთ ამ წილის დაბრუნებას, უმაღლეს საბჭოსთან მოვედით, რადგანაც ჩვენი არჩეულები არიან, უნდა დაგვეხმარონ“, – განაცხადა დავით ანანიძემ.

აქციის მონაწილეები უმაღლესი საბჭოს შენობიდან აჭარის მთავრობის შენობასთან გადავიდნენ.