ძლიერმა სეტყვამ საგარეჯოს მუნიციპალიტეტი დააზარალა
ძლიერმა სეტყვამ საგარეჯოს მუნიციპალიტეტი დააზარალა

სტიქიამ საგარეჯოს მუნიციპალიტეტი დააზარალა. ძლიერმა სეტყვამ დააზარალა ქალაქი საგარეჯო, ასევე სოფლები – პატარძეული, გიორგიწმინდა, ნინოწმინდა და წყაროსთავი.

როგორც საქართველოს პირველ არხს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერმა, გიორგი ერბოწონაშვილმა განუცხადა, სტიქიამ ძირითადად საკარმიდამო ნაკვეთები და ერთწლიანი ბოსტნეული კულტურები დააზიანა.

„ვენახების და ყურძნის მოსავლის დაზიანების შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე არ შემოსულა. ხვალ მოსახლეობა დღის შუქზე ნახავს დაზიანების ხარისხს და დეტალური ინფორმაცია ხვალ გვექნება. ასევე, მერიის შესაბამისი სამსახური ზარალის შესწავლას დილიდან დაიწყებს“, – განაცხადა ერბოწონაშვილმა.

სტიქიის შედეგად დაზიანდა მაღალი ძაბვის სადენი, რის გამოც, ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილია ქალაქი საგარეჯო და რამდენიმე სოფელი.

„ენერგო-პრო ჯორჯიაში“ აცხადებენ, რომ ელექტროენერგიის ოპერატიულად მიწოდების მიზნით, მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები.