ძლიერმა წვიმამ და ქარმა სიღნაღის, გურჯაანისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებში პრობლემები შექმნა
ძლიერმა წვიმამ და ქარმა სიღნაღის, გურჯაანისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებში პრობლემები შექმნა

ძლიერმა წვიმამ და ქარმა ახეთის რეგიონის სამ მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა.

ამასთან, სიღნაღის მუნიციპალიტეტში დაისეტყვა სოფელი ანაგა, გურჯაანში კი, სოფელი ახაშენი. სანიაღვრე არხებმა ჭარბი ნალექი ვერ გაატარა და რამდენიმე საცხოვრებელი სახლის პირველი სართული დაიტბორა ქალაქ ლაგოდეხში, ასევე გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლებში – ველისციხეში, მუკუზანსა და ვაზისუბანში.

გურჯაანის მერის, არჩილ ხანდამაშვილის ინფორმაციით, ზარალის შესახებ ხვალ დილით გახდება ცნობილი.

მისივე თქმით, შესაბამისი კომისია უკვე მუშაობს და დაზარალებულ მოსახლეობას მუნიციპალიტეტის მერია დაეხმარება.

ამასთან, როგორც საქართველოს პირველ არხს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერმა, ჯონდო მდივნიშვილმა განუცხადა, ამჟამად სამაშველო სამსახურისა და მუნიციპალიტეტის ტექნიკით დატბორილი სახლებიდან წყლის ამოტუმბვის სამუშაოები მიმდინარეობს. მისივე თქმით, კომისია ზარალს ითვლის.