ძლიერმა ქარმა და სეტყვამ თელავის მუნიციპალიტეტის ოთხი სოფელი დააზარალა [ვიდეო]

ძლიერმა ქარმა და სეტყვამ, რომელიც 20 წუთზე მეტხანს გრძელდებოდა, თელავის მუნიციპალიტეტის ოთხი სოფელი დააზარალა.

როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, სეტყვამ სოფლებში: შალაური, კისისხევი, კურდღელაური და ვარდისუბანი ვენახები და ნაკვეთები გაანადგურა. ასევე, სანიაღვრე არხებმა ჭარბი ნალექი ვერ გაატარა და თელავში რამდენიმე ქუჩაზე ქვა-ღორღი დაგროვდა, შესაბამისად, შეფერხდა ავტომობილების მოძრაობა.

„მერიის ყველა სამსახური მობილიზებულია. დაზარალებულ სოფლებში ინფრასტრუქტურის, ზედამხედველობისა და კეთილმოწყობის სამსახურების წარმომადგენლები ჩავლენ და ადგილზე გაეცნობიან ვითარებას“, – განუცხადა საქართველოს პირველ არხს თელავის მუნიციპალიტეტის მერმა, შოთა ნარეკლიშვილმა.

ამასთან, სეტყვამ სიღნაღის რაიონის სოფელი ნუკრიანიც დააზარალა.

დატოვე კომენტარი