ძლიერი წვიმის შედეგად დატბორილ ქობულეთში ამოტუმბვითი სამუშაოების დაწყება ვერ ხერხდება
ძლიერი წვიმის შედეგად დატბორილ ქობულეთში წყლის მაღალი დონის გამო, ამოტუმბვითი სამუშაოების დაწყება ვერ ხერხდება. აჭარის საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურში ამბობენ, რომ სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებს წყლის დონის კლების შემდეგ დაიწყებენ.
“მდინარე აჭყვა ადიდდა და გადმოვიდა კალაპოტიდან, დაიტბორა რამდენიმე ქუჩა. წყლის მაღალი დონის გამო, ვერ ვახერხებთ ამოტუმბვითი სამუშაოების დაწყებას. ახლა ნალექი შეწყდა, როგორც კი წყლის დონე დაიწევს, დავიწყებთ სამუშაოებს. ამ დროისთვის, 13 გამოძახება დაფიქსირდა“, – განაცხადა პირველ არხთან აჭარის საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურის უფროსმა ირაკლი თოიძემ.
ძლიერი წვიმის გამო, მდინარე აჭყვა კალაპოტიდან გადმოვიდა. დაიტბორა რუსთაველის ქუჩა, ბაზრის ტერიტორია. მძიმე მდგომარეობაა ვილაურის დასახლებაში. წყალი შევიდა საცხოვრებელ სახლებსა და კომერციულ ობიექტებში.
წვიმის შედეგად დაიტბორა ქობულეთის სახანძროს შენობაც.