ძლიერი წვიმის გამო, გურჯაანში რამდენიმე სახლი დაიტბორა
ძლიერი წვიმის გამო, გურჯაანში რამდენიმე სახლი დაიტბორა

ძლიერი წვიმის შედეგად, გურჯაანში, ფალიაშვილის ქუჩაზე რამდენიმე საცხოვრებელი სახლის პირველი სართული დატბორა.

ადგილზე მობილიზებული არიან საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს გურჯაანის მაშველები და მოსახლეობას წყლის ამოტუმბვაში ეხმარებიან.

ადგილზე იმყოფება გურჯაანის მერი არჩილ ხანდამაშვილი, რომელმაც პირველ არხს განუცხადა, რომ უხვი  ნალექი სანიაღვრე სისტემამ ვერ გაატარა და სახლები ამის გამო დაიტბორა.

„ამ წუთისთვის რაც ვნახე, ფალიაშვილის ქუჩაზე ორი სახლის საცხოვრებელი ფართია დატბორილი, დანარჩენი შესახებ ჯერ ინფორმაცია არ მაქვს“, – განცხადა გურჯაანის მერმა.