ძლიერი წვიმებისა და მდინარეების ადიდების შედეგად, თიანეთის რამდენიმე სოფელი დაზარალდა
ძლიერი წვიმებისა და მდინარეების ადიდების შედეგად, თიანეთის რამდენიმე სოფელი დაზარალდა

ორდღიანმა გადაუღებელმა წვიმებმა პრობლემები შექმნა თიანეთის მუნიციპალიტეტში. არტნის, ახალსოფლისა და დაბა სიონის ადმინისტრაციულ ერთეულებში მნიშვნელოვნად დაზიანდა საგზაო ინფრასტრუქტურა – სოფლებს შორის დამაკავშირებელი და შიდა საუბნო გზები.

როგორც თიანეთის მერმა, თამაზ მეჭიაურმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა, ამ დროისთვის შექმნილია ზარალის დამთვლელი კომისია, რომელიც აქტიურად მუშაობს სტიქიისგან მიყენებული ზარალის ოდენობის დასადგენად.

„ძირითადად ზარალი მიადგა ინფრასტრუქტურას. მოსალოდნელი სტიქიის შესახებ მთავრობისგან წინასწარ ვიყავით გაფრთხილებულები. შედეგები არ არის ისეთი, რომ მოსახლეობას პირადად შეხებოდა. სტიქიამ დააზარალა როგორც გზის სავალი ნაწილი, ასევე შეეხო ჯებირებს. კონტრაქტორი ფირმების დახმარებით მოხდა ადგილზე შედეგების ლიკვიდაცია და აღდგა ელექტროენერგიის მიწოდება. ახლა ველოდებით მთავრობისგან დახმარებას, რადგან აუცილებელია, აღდგეს გზები, ვინაიდან შემდეგში შეიძლება, უფრო სერიოზული ზარალი მივიღოთ“, – განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.

მისივე თქმით, აღსადგენია მდინარის კალაპოტი და ადგილზე სამუშაოებია ჩასატარებელი.

„მუშაობს კომისია. მათ უკვე ძირითადად აღწერეს, ზარალის რა მოცულობა გვაქვს. ხვალ დღის განმავლობაში დაზუსტდება ზარალის რაოდენობა. მთავრობის დროული დახმარების იმედი გვაქვს“, – განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.

თიანეთში მდინარე ივრის ადიდების შედეგად, დაიტბორა ზემო არტნისა და ლაშარის სალოცავის დამაკავშირებელი საავტომობილო გზა. ადიდებულმა მდინარე საგამმა ახალსოფლისა და ჩაბანოს მიმდებარედ გაარღვია ნაპირსამაგრი ჯებირი, დაიტბორა შიდა საუბნო გზები, საცხოვრებელი სახლები და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები. დაბა სიონში ადიდებულმა მდინარე იორმა დააზიანა სოფელ ჟებოტის მაღალი ძაბვის ელექტროსაყრდენი, რის გამოც ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა ჟებოტის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლების 350-მდე აბონენტს. ამ დროისთვის აღნიშნული პრობლემა უკვე აღმოფხვრილია, შესაბამისად, აღდგენილია სოფლების ელექტრომომარაგება.