„ძლიერი საქართველოს“ ინფორმაციით, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე ვაშინგტონში შეხვედრებს აგრძელებენ
კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ პრესსამსახურის ინფორმაციით, კოალიციის ლიდერები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე ვაშინგტონში შეხვედრებს აგრძელებენ.
„შეერთებულმა შტატებმა და ახალმა ადმინისტრაციამ, ისევე როგორც ძველმა, „ქართულ ოცნებას“, ანუ რუსულ ხელისუფლებას საქართველოში, საბოლოოდ დაუსვა დიაგნოზი. ეს არის ძალა, რომელიც ემსახურება რუსეთის ხელისუფლებას საქართველოში, ყველანაირად ხელს უშლის ჩვენი ქვეყნის გაერთიანებას და კავშირებს იმ დასავლურ კურსთან, რომელიც ჩვენმა მოქალაქეებმა და საზოგადოებამ აირჩიეს. დღევანდელი განცხადება არის ნათელი დადასტურება იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება და მისი ე.წ. პრემიერი, რომელიც კავშირშია რუსეთთან, ირანთან, „ჰეზბოლასთან“ და ა.შ. და ეს ძალები, ბუნებრივია, არიან შეერთებული შტატების პირდაპირი მტრები. ჩვენი ვიზიტი ემსახურება იმას, რომ კიდევ ერთხელ გადავცეთ ის გზავნილი, თუ რა მოხდა საქართველოში და რა ხდება ახლა. გადავცეთ იმ ადამიანების გზავნილები, რომლებიც რუსთაველზე არიან, ორ თვეზე მეტია და რაც ყველაზე მთავარია, მივაღწიოთ ახალ არჩევნებს. ჩვენი ამოცანაა, რომ ახალ ადმინისტრაციასთან დღესვე დავიწყოთ საუბარი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენაზე, ეკონომიკური კავშირის აღდგენაზე და ინვესტიციების შემოტანაზე“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
ბადრი ჯაფარიძის თქმით, კონგრესი განწყობილია, რომ მიიღოს ყველა გადაწყვეტილება, რომელიც სჭირდება ქართველ ხალხს. მისივე განცხადებით, აშშ-ის ახალ ადმინისტრაციაში არიან გამორჩეული პოლიტიკოსები.
„ჩვენი ვიზიტი შეერთებულ შტატებში ემსახურება იმას, რომ გაგრძელდეს და გაფართოვდეს ჩვენი ხალხის მისწრაფებების მხარდაჭერა – საქართველომ ერთხელ და სამუდამოდ დააღწიოს თავი რუსეთის იმპერიას და დაიბრუნოს ევროპული და დასავლური მომავალი, აღდგეს შეერთებული შტატების სტრატეგიული პარტნიორობა ჩვენს ქვეყანასთან, როგორც კი ახალი არჩევნები ჩატარდება. უნდა გვესმოდეს, კონგრესი განწყობილია ისე, რომ მიიღოს ყველა ის გადაწყვეტილება, რომელიც სჭირდება დღეს ქართველ ხალხს. უნდა ითქვას, რომ ახალ ადმინისტრაციაში, ტრამპის ადმინისტრაციაში, რომელიც 20 იანვრიდან იწყებს ფუნქციონირებას, არიან გამორჩეული პოლიტიკოსები. ესენი არიან მარკო რუბიო, ბატონი მაიკლ უოლტსი, რომლებიც არიან გამორჩეულები სწორედ ავტორიტარული რეჟიმებისადმი შეურიგებლობით. ამიტომ მე ველოდები, რა თქმა უნდა, იმას, რომ ნაბიჯები კიდევ უფრო მეტად დაჩქარდება ქართველი ხალხის მხარდაჭერის კუთხით და ყველა ის ძალისხმევა, რომელიც აუცილებელია იმისთვის, რომ საქართველოში დაინიშნოს ხელახალი არჩევნები და ის ჩატარდეს თავისუფალ, სამართლიან პირობებში, აუცილებლად იქნება შეერთებული შტატების მხრიდან ძალიან მკაფიოდ მხარდაჭერილი. მე ვაპირებ სწორედ ეს თემები წამოვჭრათ ჩვენს პარტნიორებთან“, – აღნიშნა ბადრი ჯაფარიძემ.