„ძლიერი საქართველოს“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ლიდერი ბექა ბერიძიშვილი – უკანონო რეჟიმის მსახურმა პოლიციამ დაგვაპატიმრა და გადაგვიყვანა განყოფილებაში, დამაჯარიმეს 2000 ლარით
უკანონო რეჟიმის მსახურმა პოლიციამ დაგვაპატიმრა და გადაგვიყვანა განყოფილებაში ლაზერის გამოყენების გამო დამაჯარიმეს 2000 ლარით, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ლიდერმა, ბექა ბერიძიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, საათ-ნახევრის განმავლობაში დაკავებულებს არ მისცეს ადვოკატთან დარეკვის უფლება.
„უწყვეტი პროტესტის მე-100 დღეს, როდესაც ვბრუნდებოდით სახლში „ძლიერი საქართველოს“ გენერალური მდივანი და ჩვენ, ახალგაზრდული ორგანიზაციის ლიდერები, გზაში მოგვიწყვეს ჩასაფრება, სპეცოპერაცია. უკანონო რეჟიმის მსახურმა პოლიციამ დაგვაპატიმრა და გადაგვიყვანა განყოფილებაში. ჩვენთან ერთად „დააპატიმრა“ ლაზერიც და დაახლოებით საათ-ნახევრის განმავლობაში არ მოგვცეს უფლება ადვოკატთან დარეკვისაც კი. როგორც ჩანს, მსახურ პოლიციას და მთავრობას ეშინია ამ ლაზერის. მიუხედავად ამისა, ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას. მიუხედავად იმისა, რომ მე 2000 ლარით დამაჯარიმეს, ეს ბრძოლა აუცილებლად დამთავრდება გამარჯვებით“, – განაცხადა ბერიძიშვილმა.
ამასთან, „ძლიერი საქართველოს“ ახალგაზრდული ორგანიზაციის კიდევ ერთი ლიდერი ოთო ფარულავა აღნიშნავს, ირაკლი კუპრაძის, ჯუბა ლოლაძისა და მის წინააღმდეგ კიდევ ერთი საქმის წარმოება დაიწყო.
„ლაზერით თუ ულაზეროდ ვაგრძელებთ ბრძოლას ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის, ჩვენი თანამებრძოლების, პოლიტპატიმრების თავისუფლებისთვის, ახალი არჩევნებისთვის. ჩვენ ვერც ჯარიმა და ვერც დაკავება ვერ წაგვართმევს ჩვენს მთავარ მოტივაციას ამ ბრძოლაში, ჩვენი ქვეყნის სიყვარულს. მინდა, მადლობა გადავუხადო საზოგადოებას, რომელმაც ასეთი მხარდაჭერა გამოხატა ჩვენ მიმართ. ჩვენ ყოველდღე ვგრძნობდით ამას ამ 100 დღის განმავლობაში. გავიმარჯვებთ სახელოვნად.
ბექა ბერიძიშვილი დააჯარიმეს ლაზერის გამოყენების გამო, ჩვენ, სამს მანამდე გვაქვს ასევე ლაზერის გამოყენების გამო 2000-ლარიანი ჯარიმები. გუშინ მეორე საქმის წარმოება დაიწყო ჩვენ წინააღმდეგ გუშინ – ირაკლი კუპრაძის, ჯუბა ლოლაძისა და ჩემს წინააღმდეგ. ჩაინიშნება სასამართლოები. მოლოდინი ამ რეჟიმის მსახური სასამართლოს პირობებში არ გვაქვს, რომ სამართლიანი იქნება, მაგრამ ჩვენ ვიბრძოლებთ სამართლიანად და ვეცდებით, რომ ჩვენი ქვეყანა მივიყვანოთ იმ გამარჯვებამდე, რომელსაც ჰქვია ჩვენი ქვეყნის ევროპულ რელსებზე დაბრუნება“, – განაცხადა ფარულავამ.